საქართველოს გზებზე დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

ძლიერმა თოვამ გაართულა სიტუაცია საქართველოს გზებზე, განსაკუთრებით რუსეთისა და სომხეთის საზღვრისკენ მიმავალ ტრასებზე
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პრობლემების გამო აღმოსავლეთ საქართველოში გზების ნაწილი დაკეტილია დიდგაბარიტიანი ტრანსპორტისთვის, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 90-112-ე კმ. (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 1-36,5-ე კმ. მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

ვითარება საქართველოს გზებზე: რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა პრობლემები შექმნა

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისათვის დაკეტილია კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას მგზა ფარავნის უღელტეხილზე. დანარჩენი ტრანსპორტისთვის გზა გახსნილია 09:00 საათიდან 20:00 საათამდე.

შეგახსენებთ, რომ ზვავსაშიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ტრასის გუდაური-კობის მონაკვეთზე მეორე დღეა დაკეტილია ავტოტრანსპორტის მოძრაობა.