განათლების მინისტრი: რა ცვლილებები ელოდებათ აბიტურიენტებს

ქართველი და უცხოელი ექსპერტები ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი სისტემის შექმნაზე მუშაობენ
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემაში ცვლილებები მხოლოდ ანალიზის საფუძველზე უნდა განხორციელდეს, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

რას ირჩევს ახალგაზრდობა - საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები>>>

საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები ოთხ გამოცდას აბარებენ. აქედან სამი სავალდებულოა - ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარ-ჩვევები, უცხო ენა და ერთი არჩევითი გამოცდა - ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. ამ დროისთვის განათლების სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმაზე მუშაობს.

გამოცდების ეროვნული ცენტრი: 2019 წელს აბიტურიენტებს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდებათ

„საჭირო იყო მნიშვნელოვანი ანალიზი. პირველ რიგში, რა მოგვიტანა ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა, რა ხარვეზები გააჩნია მას, რა მიმართულებით შეიძლება მისი გაუმჯობესება, რა როლი უნდა დაიკავოს რეფორმების ფარგლებში ეროვნულმა გამოცდებმა. გვინდოდა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილიყო დაფუძნებული სპონტანურ გადაწყვეტილებებზე. ამ მიმართულებით მუშაობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები", - განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ეროვნული გამოცდების მოდელი, რომელსაც სამინისტრო წარმოადგენს, გრძელვადიან შედეგებზე იქნება ორიენტირებული.

„ამ ცვლილებებზე საუბარი საჭიროა სკოლებთან და უნივერსიტეტებთანაც", - აღნიშნა ბატიაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ახალი რეფორმის თანახმად, სასკოლო და საგამოცდო პროგრამას შორის მაქსიმალური ბმა იქნება და აბიტურიენტებს დამატებითი მასალის შესწავლა აღარ მოუწევთ.

საქართველოს განათლების სისტემის დაფინანსება გასამმაგდება

მინისტრმა ასევე დააანონსა მასწავლებელთა გადამზადების ახალი მოდელის შემუშავება. საპილოტე პროექტი 150 საჯარო სკოლაში ხორციელდება, გაზაფხულიდან კი მათ რიცხვს კიდევ 50 სკოლა დაემატება. ახალი მოდელი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ყველა სკოლაში ეტაპობრივად განხორციელდება.

„ჩვენი მთავარი საზრუნავი მოსწავლე და განათლების მაღალი ხარისხია, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია", - აღნიშნა ბატიაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ცვლილებები შეეხება დამამთავრებელი კლასის ე.წ CAT-ის გამოცდებსაც. კერძოდ, გამოცდები იქნება ორიენტირებული იმ პროგრამაზე, რომელიც სკოლაში ისწავლება და მოსწავლეებს სკოლის პროგრამის გარეთ დამატებითი მასალის სწავლა არ მოუხდებათ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 2005 წელს დაინერგა და იგი კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა არამარტო პედაგოგებისა და ექსპერტების, არამედ აბიტურიენტების მხრიდანაც.