დღესასწაული ბორბლებზე: თბილისში ავტობუსები საახალწლოდ მორთეს

იმისთვის, რათა მოსახლეობამ ახალი წლის მოახლოება უფრო მეტად შეიგრძნოს, არამარტო ქუჩები, არამედ ავტობუსებიც გააფორმეს
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. სადღესასწაულო ატმოსფეროს კიდევ უფრო შექმნისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ქალაქის ავტობუსები გაალამაზა.

კომპანიის თანამშრომლებმა ავტობუსის ფანჯრები სხვადასხვა ფერის ფიფქებით და ნაძვის ხეებით გააფორმეს, ავტობუსების სალონში კი საახალწლო წვიმები და სხვადასხვა საახალწლო სათამაშოები ჩამოკიდეს.

ფოტომ, რომელიც კომპანიამ საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა, მომხმარებლები გაახარა.

დღესასწაული ბორბლებზე: თბილისში ავტობუსები საახალწლოდ მორთეს

„ძალიან გთხოვთ გაუფრთხილდით, არ ჩამოწყვიტოთ, სახლში არ წაიღოთ, არ წააწეროთ „აქ იყო გელა". მადლობა თბილისის მერიას კრეატივისთვის", -წერს მარიამ კობახიძე.

დღესასწაული ბორბლებზე: თბილისში ავტობუსები საახალწლოდ მორთეს

„ბავშვობიდან ვოცნებობდი ამაზე, კარგი იქნება, თუ ქალაქის მცხოვრებლები იზრუნებენ ამაზე. და კიდევ კარგი იდეაა საახალწლო მუსიკა", - წერს მაია მამალაძე.

ტესტი: ნაძვის ხე განსაზღვრავს, რა გელით 2019 წელს>>>

„ძალიან ლამაზია ჩვენს ტრანსპორტში საახალწლო განწყობა. მადლობა თბილისის მერიას და სატრანსპორტო კომპანიას", - წერს სალომე პავლიაშვილი.

თბილისი მზადაა წლის მთავარი დღესასწაულისთვის. პირველი რესპუბლიკის მოედანზე უკვე აინთო მთავარი ნაძვის ხე, ქუჩები საახალწლო ილუმინაციებით არის განათებული. წელს თბილისის მერიამ ორი მილიონი ლარის ფარგლებში ახალი ილუმინაციები შეიძინა. 28 დეკემბერს კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი გაიხსნება, სადაც 13 იანვრამდე თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს თოვლის ბაბუა უმასპინძლებს.