15 წუთი ყაზბეგიდან გუდაურამდე - ახალი საბაგირო გზა დეკემბრის ბოლოს იხსნება

ახალი საბაგირო გზა უამინდობისა და დიდთოვლობის გამო ყაზბეგში ჩაკეტილი გზით გამოწვეულ პრობლემასაც მოაგვარებს
Sputnik

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 29 დეკემბერს გაიხსნება, იუწყება ტელეკომპანია Imedi მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის, გიორგი შენგელიას განცხადებაზე დაყრდნობით.

გუდაურში ახალი საბაგიროები შენდება>>>

ახალი საბაგირო გზა დაახლოებით შვიდნახევარი კილომეტრი სიგრძის იქნება და უამინდობისა და დიდთოვლობის გამო ყაზბეგში ჩაკეტილი გზით გამოწვეულ პრობლემასაც მოაგვარებს. მისი მეშვეობით სტეფანწმიდიდან გუდაურამდე გზის ხანგრძლივობა 15 წუთამდე შემცირდება.

დაანებე თავი მოწევას, დადექი თხილამურებზე! ყველა გუდაურში დასასვენებლად!

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 81 მლნ ლარია. საბაგირო გზის მშენებლობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გუდაური-კობის მიმართულებით საბაგირო გზით გადაადგილებას მოთხილამურეების გარდა მოსახლეობაც შეძლებს.

გიორგი შენგელიას განმარტებით, გარდა იმისა, რომ საბაგირო გზას სათხილამურო კურორტის განვითარების დატვირთვა ექნება, მას სატრანსპორტო ფუნქციაც გააჩნია. კერძოდ, უამინდობისა და დიდთოვლობის გამო კობი-გუდაურის საავტომობილო გზის ჩაკეტვის შემთხვევაში ნებისმიერ მოქალაქეს საბაგირო გზით ყაზბეგიდან გუდაურში გადასვლის საშუალება ექნება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ყაზბეგში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა დაბა სტეფანწმინდაში მიმდინარე სპორტული სკოლის რეაბილიტაცია და გერგეტის სამებამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობა. დაგეგმილია ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაც.

გუდაური ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სამთო–სათხილამურო კურორტია საქართველოში. ის ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.