„შენ ვერც 220 ვოლტი დაგადუმებს": ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში დენმა დაარტყა

მაღალმა ძაბვამ ქართველ ტელეწამყვანს ხელი მაინც ვერ შეუშალა გადაცემის გაგრძელებაში, ხოლო სოციალური ქსელების მომხმარებლები ამ შემთხვევამ გაახალისა.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ქართული ტელეკომპანია Imedi-ს ჟურნალისტის ირაკლი ჩიხლაძისთვის პირდაპირი ეთერი პირდაპირი მნიშვნელობით ცხელი აღმოჩნდა – მას დენმა დაარტყა.

ეს საკვირაო გადაცემა „იმედის კვირის" პირდაპირი ეთერის დროს მოხდა, რომლის წამყვანია ირაკლი ჩიხლაძე. როდესაც ჟურნალისტმა გადაცემის ანონსი წაიკითხა, პირველი სიუჟეტის შესახებ საუბარი დაიწყო და ხელები მაგიდაზე დააწყო, ამ დროს დენმა დაარტყა.

ჟურნალისტი მშიშარა არ აღმოჩნდა, მაშინვე აიღო ხელები მაგიდიდან და მშვიდად განაგრძო ტექსტის კითხვა.

რადგან გადაცემა პირდაპირ ეთერში გადიოდა, „ინციდენტიც", რა თქმა უნდა, კამერის ობიექტივში მოხვდა.

ჟურნალისტის მეგობრებმა ხუმრობის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს და ამ თემაზე რამდენიმე ვიდეორგოლი შექმნეს.

„ირაკლი ჩიხლაძე, რა ვქნა, ბევრი ვიცინე", – დაწერა თავის Facebook-გვერდზე ჟურნალისტის ყოფილმა თანამშრომელმა ლანა ბერიძემ, რაზეც თავად ჩიხლაძემ უპასუხა, რომ ლანამ აუცილებლად უნდა ნახოს ის ხვალ, რადგან ის არ განმუხტულა.

„შენ ვერც 220 ვოლტი დაგადუმებს. ხალხო, დენმა დაარტყა და მაინც ვერ ვაჩუმებთ", – დაწერა Facebook-გვერდზე „იმედის კვირის" ჟურნალისტმა შორენა ხვიჩიამ.