მამუკა ბახტაძე: ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წლისთავთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრების 41-ე იუბილე მიულოცა.

სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღევლინა. კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ღვთისმსახურებაში წმინდა სინოდის წევრები იღებდნენ მონაწილეობას.

25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღეა

საზეიმო წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

„ბოლო 41 წლის განმავლობაში საქართველოში აღდგა, პირველადი სახე დაიბრუნა და აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი. ჩვენ ისტორიას ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ახსოვს ასეთი აღმშენებლობის პერიოდი. ჩვენი ქვეყანა იდგა მრავალი ხიფათისა და განსაცდელის წინაშე, თქვენი პირადი მოღვაწეობით ააცილეთ ჩვენს სამშობლოს ბევრი ასეთი განსაცდელი... ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს, ხოლო ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ქართულ ეკლესიას. გილოცავთ დღევანდელ დღეს", – განაცხადა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა უწმინდესის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ილია მეორის მოღვაწეობის პერიოდი უპრეცედენტო აღმშენებლობის ხანაა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. მისი თქმით, პატრიარქის მოწოდება სამშობლოს სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე, შრომისმოყვარეობასა და განათლებისკენ სწრაფვაზე არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს საქართველოს.

ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი. დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარი, მათგან ორი ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.