თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნახატები საფრანგეთის ქალაქ არლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ვინსენტ ვან გოგის შედევრებთან ერთად გამოიფინება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ქალაქ არლში, სადაც დიდმა ჰოლანდიელმა მხატვარმა ვან გოგმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა, ფიროსმანის და ვან გოგის ერთობლივი გამოფენა 2019 წლის მარტშია დაგეგმილი. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად არლის ვან გოგის ფონდთან გამოფენის დეტალებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
საფრანგეთში ფიროსმანის ის ნამუშევრები გამოიფინება, რომლებიც ამჟამად ვენაში, ალბერტინას მუზეუმშია წარმოდგენილი. გამოფენა სახელწოდებით NIKO PIROSMANI – A Wonderer Between Worlds, ალბერტინას მუზეუმში 2018 წლის 26 ოქტომბერს გაიხსნა და 2019 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება.
ვენაში ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან, ასევე 1972 წელს პარიზში ილია ზდანევიჩის მიერ ხელნაკეთი წიგნი სახელწოდებით "ფიროსმანაშვილი 1914". წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა "ფიროსმანის პორტრეტი".
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის გამოჩენილი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა, როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. კახეთში, სოფელ მირზაანში, ფიროსმანის მშობლიურ სახლში კი ამჟამად მისი სახლ-მუზეუმია განთავსებული.