ჩინოვნიკების დაჭრა რესტორან „წისქვილში“: ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება

მამაკაცი, რომელიც ჩინოვნიკებს თავს დაესხა, ყოფილი პატიმარი აღმოჩნდა
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. სპეციალური პენიტენციარული სამსახურის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შსს-ს თანამშრომლებმა 28 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ინციდენტი წყნეთში მდებარე რესტორან „წისქვილში“ 10 დეკემბერს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევის დროს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ზვიად მიხანაშვილი და პენიტენციური სამსახურის ორი მოქმედი თანამშრომელი - ჭაბუა გუშარაშვილი და ირაკლი ჭითანავა დაჭრეს.

სპეციალური პენიტენციარული სამსახურის ყოფილი უფროსი დაჭრეს

დაკავებულს ჩინოვნიკებთან ჩხუბი მოუვიდა, რომლის დროს მან ისინი დანით დაჭრა და მიიმალა. მძიმედ დაჭრილი მიხანაშვილი, გუშარაშვილი და ჭითანავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოგვიანებით დადგინდა, რომ თავდამსხმელი ყოფილი პატიმარი გიორგი ყანჩაველია, რომელმაც ორწლიანი სასჯელი მოიხადა და გათავისუფლდა.

ბრალდებულს ასევე ჰყავდა თანამზრახველი ემზარ ზურაბიშვილი, რომელიც ჩხუბის დღეს ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ზურაბიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია.

სისხლიანი დაპირისპირება ორთაჭალაში: არიან დაღუპულები და დაშავებულები >>

ყოფილი პატიმრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 19-108-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ზურაბიშვილს ბრალად ედება „ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით". მას 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.