My love!!! – როგორ მიულოცა ბერა ივანიშვილს დაბადების დღე მისმა მეუღლემ

ახალდაქორწინებულებს უყვართ გრძნობების გამჟღავნება სოციალურ ქსელებში.
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. პოპულარულ მუსიკოსს, ქართველი მილიარდერის და ყოფილი პრემიერის ვაჟს ბერა ივანიშვილს კვირას 24 წელი შეუსრულდა. მას დაბადების დღე ახალგაზრდა მეუღლემ, მოდელმა ნანუკა გუდავაძემ მიულოცა.

Happy 24th birthday my love!!! – ასეთი წარწერა გაუკეთა ნანუკამ ბერასთან გადაღებულ ფოტოს Instagram-ში.

ფოტოზე ნანუკა და ბერა გვერდიგვერდ სხედან, ერთმანეთს თვალებში შესცქერიან და მათ სახეებზე ბედნიერი ღიმილია.

„ულამაზესი წყვილი ხართ“, „გილოცავთ, ბედნიერი იყავი, ბერა“, „ვგიჟდები თქვენზე“, „ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ! მაგარი ადამიანი ხარ!“, „მიყვარხართ, ბავშვებო“, – წერენ ვარსკვლავური წყვილის ხელმომწერები.

ბერამ ახლად შერთულ მეუღლეს კლიპი მიუძღვნა >>

ბერა კი საკუთარ Instagram-ზე აქვეყნებს ფოტოს, სადაც თოვლის ფონზე თეთრ სამოსშია გამოწყობილი. სავარაუდოდ, ახალდაქორწინებულები ახლაც ყაზბეგში ისვენებენ.

ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ მიმდინარე წლის 11 ნოემბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერეს. ბერას ქორწილმა საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია.

ბერას რჩეულის პორტრეტი: ვინ მოიყვანა ცოლად საქართველოს ყველაზე მდიდარმა საქმრომ >>

ბერას რჩეულზე არც ისე ბევრი რამ არის ცნობილი. ის ყოფილი მოდელი და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. მასმედიაში წერდნენ, რომ 14 წლის ასაკში ნანუკა დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. ახლა კი გოგონას ფეშენ-ბლოგერს უწოდებენ.

ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით წარმოადგენს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.