ბათუმში 53 წლის ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა, ეპიდემიის საშიშროება არ არის.
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის გართულებით 53 წლის ქალი გარდაიცვალა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ქალი საავადმყოფოში 17 დეკემბერს სუნთქვის მწვავე უკმარისობით შეიყვანეს, დღეს, დილით კი რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

„ანალიზებით დადგინდა, რომ ქალბატონს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა გრიპის ვირუსი და ოჯახის სხვა წევრებიც იყვნენ დაინფიცირებული – პირველადი მონაცემებით დადასტურებულია ''ა ტიპის'' ვირუსი. გარკვეული დროის შემდეგ გვეცოდინება ზუსტი დიაგნოზი. წელს H1N1 ვირუსის შემთხვევა კლინიკაში არ გვქონია“, – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა. 

გრიპი საქართველოში: ვირუსის რომელი ტიპია გავრცელებული ქვეყანაში

ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის მონაცემებით, ბათუმში ლაბორატორიულად დამტკიცებული H1N1 ვირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. სეზონური ვირუსული დაავადებების მატებასთან ერთად გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახების რიცხვი.

H1N1 („ღორის გრიპი") მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც გრიპის პანდემიური ვირუსი А(H1N1) pdm09 იწვევს. ის ღორისგან და ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა. ვირუსი 1930 წელს რიჩარდ შოუპმა (აშშ) აღმოაჩინა. „ღორის გრიპი" გადაეცემა როგორც დაინფიცირებულ ორგანიზმთან უშუალოდ კონტაქტით, ისე ჰაერ-წვეთოვანი გზით.

მსოფლიოში H1N1 ვირუსი 2009 წელს გავრცელდა და მას პანდემიურს უწოდებენ, რადგანაც დასაწყისში მან მსოფლიო მასშტაბით პანდემია გამოიწვია. საქართველოში ვირუსი ძალას დეკემბრის შუა რიცხვებიდან იკრებს და მარტის ბოლომდე გრძელდება.

გრიპის ამ ვირუსის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მაღალია ლეტალურობის დონე შრომისუნარიანი ასაკის ადამიანებში, ფეხმძიმე ქალებში, დიაბეტის, სიმსუქნის და სხვა ქრონიკული სომატური დაავადებების მქონე პირებში.

უმეტეს შემთხვევაში გრიპის სიმპტომებია: ტემპერატურის მატება, ხველება, ყელის ტკივილი, სურდო, თავის, კუნთების ტკივილი, სისუსტე და შემცივნება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება პირღებინება ან დიარეა.