თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების ნაწილში სერიოზული ინიციატივები ექნება, განაცხადა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
რა საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო>>>
მხოლოდ თბილისში ათი თვის განმავლობაში 2,5 ათასზე მეტი ავარია მოხდა, რა დროსაც 74 ადამიანი დაიღუპა და 3,2 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა. თბილისში ყველაზე მეტი ავტოსატრანსპორტო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა, სადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, თუმცა, ავარიების რაოდენობა დაუზუსტებელია. მეორე ადგილზე აღმაშენებლის ხეივანია, სადაც ბოლო ათი თვის განმავლობაში 80 ავარია მოხდა. მესამე ადგილზე კი მტკვრის მარცხენა სანაპიროა, სადაც 78 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.
„ჩვენ საგზაო უსაფრთხოების კუთხით სერიოზული ინიციატივები გვექნება. საგზაო უსაფრთხოება დღეის მდგომარეობით არის სერიოზული რისკის შემცველი ჩვენი მოქალაქეების, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, მთლიანად შეიცვლება საგზაო შემთხვევების აღრიცხვის ფორმა და ასევე შეიცვლება სისტემა, რითიც დაზუსტდება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების ლოკაციები, რაც უწყებას საშუალებას მისცემს შემდგომში პრევენციის მიზნით უფრო ეფექტურად გამოავლინოს ე.წ. შავი წერტილები.
მინისტრმა ვიდეო–სამეთვალყურეო სისტემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება 1,4 ათასი კამერა – ამით საერთო ჯამში 350 კილომეტრი დაიფარება სექციური კამერებით.
„2019 წლის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 5 ათასი სამეთვალყურეო ვიდეოკამერა იმოქმედებს და სრულად გადაფარული იქნება 700 კილომეტრამდე გზა, რაც, რა თქმა უნდა, საგზაო უსაფრთხოების კომპონენტის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა მინისტრმა.
შინაგან საქმეთა მინისტრი პარასკევს კანონმდებლების წინაშე მოხსენებით გამოვიდა. მან გასული წლის შედეგები შეაჯამა და მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა.