რა საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო

გასულ წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 9 კანონპროექტი იყო ინიცირებული.
Sputnik

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს პერიოდში პარლამენტში წარადგენს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მოახდენს ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებას, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარასკევს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„ამას გარდა, უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლებიც გამომძიებელსა და პროკურორს შორის პირდაპირი უფლება-მოვალეობების უფრო მკაფიო გამიჯვნას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება განვლილ 2018 წელს, მინისტრის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივები შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი  იყო.

გიორგი გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 9 კანონპროექტი იყო ინიცირებული, მათ შორის „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით და „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ შექმნილი კანონი, რომელიც ფაქტიურად თავიდან დაიწერა.

როდის გაიზრდება პოლიციის თანამშრომელთა ხელფასები

„ამ ცვლილებებმა მოგვცა საშუალება, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 200-ზე მეტი ადამიანი მიგვეცა პასუხისგებაში ქურდული და კრიმინალური მენტალიტეტიდან გამომდინარე”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ასევე გამკაცრდა არსებული კანონმდებლობა ცრუ ჩვენების, ჩვენებაზე უარის თქმის, დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ნაწილში,  ცვლილებები განხორციელდა და გამკაცრდა ოჯახში ძალადობის მიმართ.

„პარლამენტთან ერთად ვიმუშავეთ მარიხუანასთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ცვლილებები გატარდა და ფაქტობრივად პრინციპულად შეიცვალა (სკოლის) მანდატურების მარეგულირებელი კანონმდებლობა, ასევე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილი“, – აღნიშნა გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრი პარასკევს საკანონმდებლო ორგანოს წინაშე მოხსენებით გამოვიდა. მან გასული წლის შედეგები შეაჯამა და მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა.