შვეიცარია – ღმერთების სასახლე

მოგზაურობა ყველაზე შთამბეჭდავ და საუცხოო მოგონებებთან ასოცირდება. ჟურნალისტი და მწერალი დადუნა ნადარაია ხშირად წერს მოგზაურობის დროს თავს გადამხდარ ამბებზე, შთაბეჭდილებებზე. ამ ყველაფერს ისე აღწერს, წარმოუდგენელია ვინმე გულგრილი დარჩეს.
Sputnik

„Sputnik–საქართველო“ დადუნა ნადარაიას ჩანახატს წარმოგიდგენთ, რომელიც შვეიცარიაში, კერძოდ, ლიუცერნში მოგზაურობას ეხება.

შვეიცარია – ღმერთების სასახლე

როდესაც საქმიან შეხვედრაზე ჩემი დანახვისას ფეხზე დგებიან და მოწიწებით მესაუბრებიან, ჩემი ბავშვობა მახსენდება. თავს დაბლა ვხრი და ფიქრებში ვიძირები. ისინი კი საუბრობენ ჩემი ნაწერების შესახებ და მე მადლიერი ვარ მათი. საღამოს, როდესაც სასტუმროდან გამოვდივარ და ფეხით ვეშვები ქვაფენილზე, ჩემ დღეებზე ვფიქრობ.

მჯეროდა, რომ მოგზაური გავხდებოდი და მთელ სამყაროს ვნახავდი, მაგრამ მაინც განვიცდი, მაინც არ ვიცი რა მელოდება ყველაფერ ამის სანაცვლოდ. სარკმლები რომ გამოვაღე, მეგონა სუფთა ჰაერი ძალებით ამავსებდა, მაგრამ პირიქით მოხდა. საოცარი სისუსტე ვიგრძენი, სავსე ადამიანური გრძნობებით. როგორც რომანტიკული ფილმის რომელიმე კადრს, ისე შევხედე საკუთარ თავს ფანჯარაში და მომეწონა გოგონა ფანჯრებიდან. გზები საქსოვ დაზგებს მოგაგონებთ. სახლის სახურავები – ხალიჩას. თითქოს ეს მშვენიერი პეიზაჟები დროის ცვლილებას არ ემორჩილებიან. წარმოვიდგინე, სხვაგან ვცხოვრობდი, ეს მშვენიერი ადგილები თვალით არ მქონდა ნანახი. შემდეგ მოვედი აქ ჩემი სულით, განცდებით და მოვიტანე აქ ჩემი სამყარო.

შვეიცარია – ღმერთების სასახლე

მშვენიერი დილა გათენდა. ახალი ემოციებისთვის მზად არ ვარ. ჩემ ძველ სახლში მირჩევნია ყოფნა, მაგრამ მოლოდინი დიდი მაქვს, ამიტომ ვივიწყებ ვინ ვარ და ვემზადები. ვივიწყებ, რომ სხვა ფიქრებით მქონდა გონება სავსე, ვიდრე მოგზაურობაა. დიახ, მოგზაურობის დროს შეიძლება აღმოაჩინო ყველაფერი… შვეიცარმა ყავა და კრუასანი მომართვა ნომერში, მოკრძალებით დავხურე კარები. აივნიდან ჩანს ულამაზესი ხედი, რომელიც არ იცვლება. ყოველთვის ვოცნებობდი აქ მოხვედრაზე, მაგრამ როდესაც ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრე ამ ქალაქს, ცოტა დავიძაბე. არ მინდა ჩემი თავისუფლება ჩარჩოებში მოექცეს.

თეთრ სარაფანს ვიცვამ, ფოტოებისთვის ასე ჩაცმა უკეთესია. ცისფერ ჩანთაში ვალაგებ საჭირო ნივთებს, პლანშეტს, ბლოკნოტს და სასტუმროდან გავდივარ. სული ლაღობს თავისუფლებით, რომელსაც ბედნიერების სახელი ჰქვია.

გაოცებული ვარ სილამაზით, რომელიც ამ ქალაქში სევდაზე ძლიერია, მაგრამ მაინც ჩემ სულში ვიხედები. ჩემი ფოტოგრაფი სურათებს მიღებს ჟურნალისთვის და შემდეგ სასადილოდ მიდის. მე მარტო ყოფნა მირჩევნია.

შვეიცარია – ღმერთების სასახლე

როგორი გამოუთქმელი განცდა იყო, როდესაც აეროპორტიდან გამოვედი და შვეიცარიაში აღმოვჩნდი. ჰაერი იყო რბილი, ცხელოდა და ზამთრიდან გაზაფხულის ბოლოში მოსვლა ნამდვილად საოცრება იყო ჩემთვის. უკვე იმდენჯერ მქონდა ეს ქალაქი ნანახი წარმოსახვაში, რომ რეალობა მაინც განსხვავებული იყო და გამიკვირდა. ჰაერი კი მაფხიზლებდა და მე, დადუნა, უბრალო გოგონა, ტაქსიში ვიჯექი და ქალაქს ვათვალიერებდი. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ამ წუთებს გავიხსენებ, სახლში, უბრალო საშინაო კაბაში ჩაცმული ვიქნები და შუბლზე ჩამოყრილ თმას ჭურჭლის სარეცხი სითხით დასვრილი ხელით უკან გადავიწევ, ამ დროს შეიძლება ავტირდე კიდეც. მაგრამ ახლა აქ ვარ, ამიტომ მოგზაურობის ტკბილი განცდა მინდა ბოლომდე შევიგრძნო.

ტაქსი ჟენევის ტბის სანაპიროსთან ჩერდება და ისევ ჰაერი მაბრუნებს რეალობაში, რომ დადუნა ვარ და თუ ასეთ ადგილზე მოვხვდები, კი არ უნდა გავგიჟდე, უბრალოდ ბევრი უნდა ვწერო. ზღვის ნაპირზე უამრავი ტურისტი გაჰყურებს ზღვაში მოცურავე გემებს და მშვენიერ ნახატებს იმახსოვრებს მათი გონება. ჰაერს ჩემი სულის ნაწილი გრძნობს და სულში ბედნიერების განცდას იწვევს ის, რომ შეიძლება ვერასდროს მოვსულიყავი აქ, მაგრამ მოვედი, და რომ ბედისწერის ხელი ურევია ამაში.

შვეიცარია – ღმერთების სასახლე

მივლინების მეორე კვირა დაიწყო. ბავშვები მენატრება, ჩემი შვილები. ახლა ამის გამო დარდი სრულიად ნორმალურია, მაგრამ მონატრებას უნდა გავუძლო და ამ განცდამ არ უნდა შემიშალოს ხელი სამყაროს სრულად აღქმაში. მათ გარეშე მშვენიერი ადგილების დათვალიერება და ახალ სივრცეებში გადასვლა ძალიან რთულია ჩემთვის. ვერ ვახერხებ ბოლომდე თავისუფალი ვიყო და დავტკბე მშვენიერი ხედებით. როდესაც ულამაზეს პეიზაჟს დავინახავ და ჩიტივით შემიფრთხიალდება გული, მეორე წუთს ჩემი ბეღურები მახსენდება. მომეწურება გული, მოვიწყენ, მაგრამ სამყაროს სილამაზის გადმოცემა ჩემი მოვალეობაა. ამის გარეშე მე დავიკარგები, ამიტომ ვცდილობ გავუძლო მონატრებას და სამყაროს ნაწილი გავხდე. ამიტომ ჩემი პატარა სამყაროდან ოკეანეების ვრცელ სივრცეებში ვიჭრები და ვხდები უშიშარი და მებრძოლი. იქ კი მავიწყდება ჩემი პირადი ცხოვრება და სამყაროს ხმებს ვუერთდები.

შვეიცარია ტურისტების საოცნებო ქვეყანაა. ულამაზესი ჩანჩქერები, ტბები, ძველი ქალაქები, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ ისტორიული სახე. ისინი დამთვალიერებელს თავბრუს ახვევს. სამოთხეში მოგზაურობა გრძელდება...

შვეიცარია – ღმერთების სასახლე

აღმოსავლეთ შვეიცარიაში ტურისტების საყვარელი ადგილი რაინის ჩანჩქერია. ყვავილების ფერადი ხალიჩები, მრავალწლიანი ბუჩქები, მოვლილი მთები ამშვენებს ზღაპრულ სოფლებსა და ქალაქებს.

მე კი ვიმყოფები ცენტრალური შვეიცარიის მთავარ ქალაქ ლიუცერნში, რომელიც ფირვალშტედტის ტბის ახლოს მდებარეობს და მშვენიერი მთებითაა გარშემორტყმული. ლიუცერნი ცნობილია უჩვეულოდ ლამაზი მდებარეობით. მე კი ხვალ სწორედ იმ ხიდის სანახავად ვგეგმავ წასვლას, რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება და უძველესია ევროპაში. არსად მინახავს ასეთი სილამაზე – ღმერთის და ადამიანის ასეთი ჰარმონია. წარმოიდგინეთ, გარშემო მთებია, თან ძალიან ახლოს. რომ მოისურვო, რამდენიმე წუთში რომელიმე მთის მწვერვალზე აღმოჩნდები და იქიდან იტყვი შენ ამბავს. ამ მთების ძირში კი პაწაწინა სახლებში, მოვლილ ეზოებსა და პარკებში სხედან ადამიანები და შეუძლებელია დაიჯერო, რომ ავადობენ, სტკივათ და საწუხარიც აქვთ. ალბათ აქ ცხოვრობს ღმერთი და ადამიანებთან ერთად სიმშვიდით ტკბება. დიახ, ეს ნამდვილად ასეა. მე კი ამ ლამაზი მთის ძირას ხის კოტეჯში აივანზე ვზივარ და ვწერ… საოცრება!

შვეიცარია – ღმერთების სასახლე

პირველად არ ვიცი რა დავწერო. სილამაზეში ჩავიკარგე. მავიწყდება, რომ ადამიანებს სადღაც უჭირთ, რომ არსებობს სიკვდილი. არ მინდა ახლა ამაზე ფიქრი, ჩვენ გვაქვს უფლება ზოგჯერ მაინც დავხუჭოთ გონების თვალი და გულს მივენდოთ. მეც ასე ვიქცევი. მთების სილამაზეში ვიძირები. ჩემ მოთხრობებზე ვფიქრობ. ვფიქრობ, როგორ დავხატო ამ მთების ღრუბლებში მაცხოვარი, როგორი თვალები უნდა ჰქონდეს, მშვიდი, თუ კვლავ სევდიანი? მიმტანს დილის საუზმე მოაქვს და მიღიმის. იქნებ ღმერთმა უამრავ ადამიანს შორის გამომარჩია და მასთან შესახვედრად აქ მომიყვანა? ამაყი აზრები მიპყრობს. მეღიმება, რომ ვარ კვლავ ადამიანური… არ ვიცი სხვა რამეზე როგორ უნდა ვიფიქრო.

ახლა პირველად ვგრძნობ, რომ არ ვარ მარტო, რომ იმაზე მეტი ვარ, ვიდრე ჰაერში მიმოფანტული ღრუბლები.

შვეიცარია – ღმერთების სასახლე

იმ ფრანგულ რესტორანზე არაფერი მომიყოლია, რომელიც შვეიცარიაში აღმოვაჩინეთ და შთაგონების ადგილად იქცა ჩემთვის. როდესაც მოგვშივდა, ფრანგულ რესტორანს მივაშურეთ, მოლოდინი გაგვიმართლა. რესტორანში სასიამოვნო მუსიკა ისმოდა, მაგიდაზე ვარდების თაიგული დამხვდა. მექსიკური ცხარე და ცეცხლოვანი სამზარეულოს შემდეგ აქ მოხვედრა ნამდვილად ახალ განზომილებაში გადასვლის ტოლფასი იყო. დასწავლილი დახვეწილი მანერებით მაგიდასთან დავჯექი და შეკვეთას დაველოდე. არ ვიცი, ასეთ წუთებში რაღაცას გრძნობენ ადამიანები. თითქოს რამეს წარმოვადგენდე, თუ რაღაც ამდაგვარს. ფრანგული მშრალი ღვინო მოვსვი და უფრო კარგ განწყობაზე დავდექი. ახალი სამყაროსკენ მიმავალი გზები დავინახე და ფრთხილად გადავდგი ნაბიჯი.

ბინდდებოდა. ფანჯრიდან მოჩანდა მთები, სიმშვიდე და სიმწვანე. გული დამწყდა, მაშინ ვერ მივხვდი რატომ. ახლა ვხვდები, ძვირფასი წუთები კიდევ უფრო მეტად გვაყვარებს სიცოცხლეს. ფრანგული სტეიკი ძალიან გემრიელია. განსაკუთრებით ნივრიანი პური მომწონს. რამდენჯერმე ვუკვეთავთ. ხვალინდელ გეგმებს ვაწყობთ. წიგნის პირველი ნაწილი ჩემ ბავშვობას ეძღვნება. მეორე ნაწილი მოგზაურობას შვეიცარიაში. ამ ქვეყნებმა ის სული მაპოვნინეს საკუთარ თავში, რომელიც არც კი ვიცოდი თუ მქონდა. სილამაზე უნდა გადავიტანო წიგნში და აქ მთებს ჩემი სამშობლოს შესახებ ვუამბო. აქ მთები ლაღობენ. ჩვენთან ჯერ არა… აქ ადამიანები უნდა გავიცნო და შემდეგ მათ შესახებ დავწერო. როგორი რთულია...