თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. თბილისის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე საახალწლო განათების მონტაჟის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, ნათქვამია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, დღეს 24:00 საათიდან 07:00 საათამდე გადაიკეტება კოსტავას ქუჩა, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან (ფილარმონია) იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი.
გარდა ამისა, 18:00 საათიდან ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდა თავისუფლების მოედანზე.
თბილისში საახალწლო განათების მონტაჟი 7 ნოემბერს დაიწყო. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს. საახალწლო განათებები უკვე დამონტაჟებულია როგორც რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე, ისე თბილისის გარეუბნებში.
დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე წელს თბილისის მერია ორ მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. გასულ წელს ამაზე მერიამ სამი მლნ ლარი დახარჯა.