ბირთვული ომის საფრთხე, სანქციები და ქორწინება: პუტინის პასუხები მწვავე კითხვებზე

პუტინის პრესკონფერენცია 3 საათსა და 43 წუთს გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში პრეზიდენტმა 53 ჟურნალისტის 66 შეკითხვას უპასუხა — დაწყებული გლობალური უსაფრთხოების საკითხებით, გასრულებული პუტინის პირადი ცხოვრებით.
Sputnik

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე წელს ერთგვარი რეკორდი დამყარდა: ღონისძიებაზე 1 702 ჟურნალისტი იყო აკრედიტებული, რაც სახელმწიფოს მეთაურის მასმედიასთან ურთიერთობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პუტინის პრესკონფერენცია 3 საათსა და 43 წუთს გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში პრეზიდენტმა 53 ჟურნალისტის 66 შეკითხვას უპასუხა — დაწყებული გლობალური უსაფრთხოების საკითხებით, გასრულებული პუტინის პირადი ცხოვრებით. 

ბირთვული ომის საფრთხე, სანქციები და ქორწინება: პუტინის პასუხები მწვავე კითხვებზე

ბირთვული კონფლიქტის ალბათობა 

რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მსოფლიოში ბირთვულ საფრთხეებს არასათანადოდ აფასებენ და ეს ტენდენცია იზრდება.

კითხვაზე, რით შეუძლია დაამშვიდოს მას, როგორც პრეზიდენტს, მოსახლეობა, რომელსაც ბირთვული ომისა ეშინია, პუტინმა უპასუხა:  

„ახლა ვიფიქრე, მსოფლიოში მოვლენათა ამგვარი განვითარების საფრთხე რაღაცნაირად ბუნდოვანი ხდება. ეს თითქოს შეუძლებლად ან არცთუ ისე მნიშვნელოვნად მოჩანს. არადა, ღმერთმა არ ქნას, და თუ რაიმე მსგავსი მოხდება, მთელი ცივილიზაცია და, შესაძლოა, პლანეტის დაღუპვაც კი გამოიწვიოს. ამიტომ საკითხი სერიოზულია და ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლომდე შეუფასებლობის ტენდენცია არსებობს და იზრდება კიდეც“.

რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ კაცობრიობა არ დაუშვებს ბირთვულ კატასტროფას.

„იმედი მაქვს, კაცობრიობას ეყოფა თვითგადარჩენის გრძნობა და საქმეს უკიდურესობამდე არ მიიყვანს“, — განაცხადა მან.

მისი თქმით, რუსეთი ახალ შეიარაღებას მხოლოდ პარიტეტის დაცვის მიზნით ქმნის.

სანქციები

პრეზიდენტის თქმით, რუსეთი მთელი ისტორიის განმავლობაში სანქციებისა თუ სხვა სახის შეზღუდვების ფონზე ცხოვრობს. 

ბირთვული ომის საფრთხე, სანქციები და ქორწინება: პუტინის პასუხები მწვავე კითხვებზე

პუტინის განმარტებით, ეს რუსეთის სიძლიერისა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდასთანაა კავშირში. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ახალ მძლავრ მოთამაშედ ყალიბდება, რომელსაც ანგარიში უნდა გაეწიოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრს არ სურს. 

„დიახ, ნეგატიური გავლენები არის, მაგრამ არსებობს პლუსებიც. ამან გვაიძულა ჩვენ ბევრი მიმართულებით ჩაგვერთო გონება და დასავლელი ექსპერტები ამას აღიარებენ“, — აღნიშნა პუტინმა და მაგალითად იმპორტჩანაცვლების განვითარება დაასახელა.

დასავლურ სანქციებზე საპასუხო ზომებზე საუბრისას ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს იცავს და ამას ძალიან აკურატულად აკეთებს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ვისურვებდით, რომ მსოფლიო ეკონომიკა შოკის, არალეგიტიმური ქმედებებისა და შეზღუდვების გარეშე ვითარდებოდეს, ბუნებრივი გზით“, — განმარტა მან.

ოჯახი

პრესკონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტებს შორის იყო გამოცემა Life-ის წარმომადგენელიც, რომელმაც ვლადიმირ პუტინს პირადი ცხოვრების შესახებ დაუსვა შეკითხვა: „როდის დაქორწინდებით და ვისზე?“

პრეზიდენტმა კითხვა შეუბრუნა ჟურნალისტს და დაინტერესდა, იყო თუ არა თავად დაოჯახებული. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კი თქვა: 

„ცოლიანია და უნდა, რომ მეც მასავით ვიყო. კარგი, ჩავთვალოთ, რომ შეკითხვაზე ვუპასუხე, თუმცა, როგორც წესიერი ადამიანი, ოდესმე მეც დავქორწინდები... ალბათ“.