ველისციხესთან პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის ქალბატონი დააკავეს

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს სოფელ ველისციხესთან მომხდარი არეულობის საქმეზე კიდევ რამდენიმე ადამიანია დაკავებული
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 16 დეკემბერს,  კახეთში მომხდარი ინციდენტში მონაწილე  კიდევ ერთი ადამიანი  დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არჩევნებთან დაკავშირებით პოლიციამ პასუხისგებაში 26 პირი მისცა

16 დეკემბერს თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქციების დროს ათი პოლიციელი დაშავდა.

1960 წელს დაბადებულ ქ.მ.-ს სამართალდამცველები სოფელ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანის დაზიანებაში სდებენ ბრალს.

შსს-ს ცნობით, ქ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

პოლიციამ ქალბატონი მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს სოფელ ველისციხესთან მომხდარი არეულობის საქმეზე  კიდევ რამდენიმე ადამიანია დაკავებული, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით კირკიტაძეც.