დეპუტატები მუშაობას ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში გააგრძელებენ

თბილისში პარლამენტის შენობა ჯერჯერობით პლენარული სხდომების ჩასატარებლად მზად არ არის
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის განახლებული რეგლამენტი, პლენარული სხდომები თბილისის ნაცვლად ქუთაისში გაიმართება.

შესაბამისი გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე ორშაბათს მიიღეს. დეკემბერის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა განახლებული რეგლამენტი, რომლის თანახმად საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისში უნდა გადავიდეს. ცვლილებები ძალაში შევიდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც გასულ კვირას გაიმართა.

2018 ბიუჯეტის ცვლილებები დამტკიცებულია: რა შეიცვალა >>

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე თბილისში მდებარე პარლამენტის შენობა პლენარული სხდომებისთვის მზად არ არის.

საქართველო ახალ რეალობაში - ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუციური ცვლილებები

„ყველა შემთხვევაში ქუთაისში უნდა გაიმართოს სხდომა, რადგან ინფრასტრუქტურა არ არის თბილისში მოწყობილი”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

განახლებულ რეგლამენტში პარლამენტის ადგილმდებარეობა პირდაპირ არის გაწერილი - ქალაქი თბილისი, და მითითებულია საკანონმდებლო ორგანოს ძველი შენობის მისამართი, სადაც 2012 წლიდან დაშვებული იყო მხოლოდ საკომიტეტო მოსმენების გამართვა და არა პლენარული სხდომების ჩატარება.

დეპუტატების სამუშაო ადგილის შეცვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს ან თუ პარლამენტი ნორმალურ ფუნქციონირებას შენობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ შეძლებს. გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა თავმჯდომარეს რჩება.

რა გეგმები აქვს მთავრობას ქუთაისის პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით >>

პარლამენტი ქუთაისში 2012 წელს ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე გადავიდა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებმა არაერთხელ დააყენეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნების შესახებ.

2017 წლის ბოლოს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ქვეყნის მთავარ კანონში აღარ არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ პარლამენტმა სხდომები ქუთაისში უნდა ჩაატაროს.