საქართველო აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობას 2019 წელს შეუდგება 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვარაუდით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, პირდაპირი ინვესტიციები ამერიკიდან საქართველოში 20-30%-ით გაიზრდება.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი მიიღო, რომელიც ასევე ითვალისწინებს ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, კანონპროექტით წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლებს მოუწოდა, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.

ჩინეთში ქართული ჩაი, ზეითუნის ზეთი და ვისკი გაიყიდება

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვაპირებთ 2019 წელს ამ მიმართულებით მუშაობას,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, შეთანხმებაზე მუშაობის დროს შედგება კონსულტაციები როგორც აშშ-ის მთავრობის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამავე დროს ეს პროცესი  გაზრდის საქართველოს ცნობადობას ამერიკული ბიზნესებისთვის. როდესაც შეთანხმება იქნება ხელმოწერილი, ის გახდება მნიშვნელოვანი პოზიტიური გზავნილი ამერიკის ინვესტორებისა და ბიზნეს საზოგადოებისთვის და საფუძველი იმისა, რომ ამ ქვეყნიდან რაც შეიძლება მეტი ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს.

უცხოელმა დიპლომატებმა ქართული ლუდი დააგემოვნეს >>

„აშშ-დან ინვესტიციების მოზიდვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ვარაუდით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, პირდაპირი ინვესტიციები ამერიკიდან საქართველოში 20-30 პროცენტით გაიზრდება. ჩვენ ასევე გავზრდით ვაჭრობის მაჩვენებელს აშშ-სთან. ამიტომ ახალი კანონპროექტის მიმართ დიდი ენთუზიაზმით ვართ განწყობილი,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან EFTA, თურქეთთან და ჩინეთთან და ჰონგ- კონგთან და ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს ინდოეთთან, ჰონგ-კონგთან და ისრალეთან.