ზურაბიშვილი ავღანეთში გამგზავრებას აპირებს

როგორც ქვეყნის მთავარსარდალმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე იზრუნებს
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი აპირებს გამგზავრებას ავღანეთში ქართველ სამხედროებთან, რომლებიც მსახურობენ ნატოს სამშვიდობო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“, განაცხადა მან ხალხისადმი თავის პირველ მიმართვაში.

„მე ჩავალ ავღანეთში ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებთან, რომლებიც ღირსეულად და ზოგჯერ სიცოცხლის ფასად იბრძვიან ჩვენი პარტნიორების გვერდით. ისინი ებრძვიან გლობალურ საფრთხეებს, რომელიც ემუქრება მშვიდობას მსოფლიოში, რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სესიაშვილი: ოპოზიციას საქართველოში რევოლუციის მოწყობა არ გამოუვა

როგორც ქვეყნის მთავარსარდალმა მან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სრული ნდობა გამოუცხადა.

„საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დამოკიდებულია ჩვენი სამხედრო ძალების პროფესიონალიზმზე, მზადყოფნაზე, თანამედროვე აღჭურვილობაზე, მტკიცე სახელმწიფოებრივ ცნობიერებაზე. მე ვუცხადებ სრულ ნდობას საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. გამოვხატავ პატივისცემას ჩვენი ჯარისკაცებისა და ვეტერანების მიმართ. მინდა იყოთ დარწმუნებული, რომ მთლიანად ვიქნები ჩართული შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ჯარის გაძლიერება და ქვეყნის დაცვის უზრუნველყოფა არის ჩემი მიზანი“, - განაცხადა მან.

ამასთან ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დაუშვებელია ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფა.

ქართველი სამხედროები ავღანეთში გადასროლისთვის სამშობლოში მოემზადებიან

„მშვიდობიანი და სტაბილური კავკასია სჭირდება არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს. საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი პოზიცია კავკასიაში. ჩვენ შეგვიძლია ამ რეგიონში ჩვენი ისტორიული როლის დაბრუნება და ამ პასუხისმგებლობის აღება“, - განაცხადა მან.

„მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაცია შედის.

ამჟამად ნატოს მისიაში 872 ქართველი სამხედრო მონაწილეობს. ისინი დისლოცირებული არიან ბაგრამის, ქაბულისა და მაზარ-ი-შარიფის ბაზებზე.