კახეთში დაძაბული ვითარებაა - არიან დაშავებულები

გურჯაანში პოლიციასთან დაპირისპირებისას ქალი შეუძლოდ გახდა
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. გურჯაანში, პოლიციასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებისას ოპოზიციის მხარდამჭერი ქალი ცუდად გახდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დღეს თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ასევე, ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. თელავისკენ მიმავალ ოპოზიციის კოლონებს საპატრულო პოლიციამ გზა ჩაუკეტა. საავტომობილო გზის გადაკეტვას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებისა და  მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა.

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება კახეთში: ოპოზიციას თელავში მისასვლელი გზა გადაუკეტეს

სამართალდამცავებთან მომხდარი დაპირისპირების დროს ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა. მან გონი დაკარგა და შეუძლოდ გახდა, მას პირველადი დახმარება აქტივისტებმა გაუწიეს. ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს სასწრაფო დახმარების მანქანა, რადგან გზა ჩახერგილია.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის გურჯაანში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. ამჟამად ყველაზე მეტად დაძაბული ვითარება სოფელ ველისციხეშია. ოპოზიციის დაპირისპირება პოლიციასთან გრძელდება. გზა ისევ გადაკეტლია.

შსს-ს ცნობით,  საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის უსაფრთხო მარშრუტი თბილისი-ყვარელი-თელავის მიმართულებით, ასევე ალტერნატიული ტრანსპორტი, რომელიც ფეხით მოსიარულეებს თელავში უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფდა.

სიტუაცია თელავის ცენტრშიც დაიძაბა. ოპოზიციის მხარდამჭერებმა, რომლებიც ელოდებოდნენ თბილისიდან წამოსულ კოლონას, გზა გადაუკეტეს სამთავრობო მანქანებს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ერეკლეს სასახლის მიმართულებით. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას სამართალდამცავებთან.

თელავში სამართალდამცველთა უპრეცედენტო მობილიზაციაა

უწყების განცხადებით,  საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის  ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება და 49 წუთს გაგრძელდება. ცერემონიის შემდეგ კი თელავის თეატრში საზეიმო მიღება გაიმართება. ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სტუმრები 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვლენ.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 59,52% მოიპოვა. მისი კონკურენტი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე იყო, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა.