ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება კახეთში: ოპოზიციას თელავში მისასვლელი გზა გადაუკეტეს

სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული თელავშიც
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. საპატრულო პოლიციამ თელავისკენ მიმავალ ოპოზიციის კოლონებს გურჯაანის  სოფელ ჩუმლაყში გზა ავტობუსებით ჩაუხერგა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დღეს თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება და 49 წუთს გაგრძელდება. ცერემონიის შემდეგ კი თელავის თეატრში საზეიმო მიღება გაიმართება. ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სტუმრები 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვლენ, მათ შორის სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სხვ.

თელავში სამართალდამცველთა უპრეცედენტო მობილიზაციაა

ამასთან,  თელავში ინაუგურაციის დღეს ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმაავს. „ძალა ერთობაშაიას“ ლიდერები, რომლის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრიდა, არჩევნების შედეგებს არ ცნობენ. გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ლიდერები და მხარდამჭერები თბილისიდან თელავის მიმართულებით დილით დაიძრნენ.

ოპოზიციის კოლონებს გზა სამართალდამცველებმა გომბორის უღელტეხილზეც გადაუკეტეს, ამიტომ მათ სვლა ალტერნატიული გზით განაგრძეს. მანამდე შსს-მ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული, იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდებოდა. ამ გზაზე მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებს უშვებენ, რომლებიც ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად სტუმრის სტატუსით მიემგზავრებიან.

ჩუმლაყთან შსს-მ გურჯაანი-თელავის ცენტრალური გზა ავტობუსებით გადაკეტა. პოლიცია ოპოზიციას გზის გაგრძელებას ყვარლის მიმართულებით სთავაზობს, თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გზა ყვარელშიც გადაკეტილია. ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები გზის გახსნას ითხოვენ, რასაც ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცავებთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ოპოზიციური გაერთიანების წევრებმა და ლიდერებმა  სამართალდამცველების ავტობუსის გადაბრუნება სცადეს და მინები ჩაუმსხვრიეს.

შსს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული თელავშიც, სადაც რამდენიმე საათში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის  ცერემონია დაიწყება.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თელავში  მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია და  უზრუნველყოფილი იქნეს  როგორც ინაუგურაციის მშვიდ გარემოში ჩატარების საკითხი, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლება და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 59,52% მოიპოვა. მისი კონკურენტი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე იყო, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა.