საქართველოს მოქალაქეობა 10 000 დოლარის სანაცვლოდ: დაკავებულია ადვოკატი

სამართალდამცველებმა ადვოკატი მოთხოვნილი თანხის გადაცემის დროს დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ადვოკატი რამაზ რ. დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, რამაზ რ. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს თითქოსდა საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირების ხელშეწყობით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

სამართალდამცველებმა ადვოკატი მოთხოვნილი თანხის გადაცემის დროს დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.