თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ.
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართება. ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება. პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების შემდეგ პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში გადაინაცვლებენ, სადაც საზეიმო მიღება გაიმართება. მანამდე თბილისში ზურაბიშვილი ილია ჭავჭავაძის საფლავსა და გმირთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართა, ხმების 59,52% მოიპოვა. მისი კონკურენტი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე იყო, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა.
ზურაბიშვილიც და ვაშაძეც დიპლომატიური სფეროში მოღვაწეობდნენ. ზურაბიშვილმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 წელი იმუშავა, თუმცა ეს პერიოდი სარკოზის პრეზიდენტობის (2007-2012) პერიოდს არ დაემთხვა.
2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს სარკოზიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში. მან მოლაპარაკებები გამართა თბილისსა და მოსკოვში, რის შედეგადაც ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
სარკოზი საქართველოში ბოლოს 2011 წელს, რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.