ვაკანსია შსს-ში: უწყებაში 800-ზე მეტი განაცხადი შევიდა

სამსახურში მიღების ახალი წესის მიხედვით, გამომძიებლად კონკურსის გზით მხოლოდ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი ინიშნება.
Sputnik

თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებამ გამომძიებლის 50 ვაკანსიაზე განაცხადების მიღება 21 ნოემბერს დაიწყო და ჯამში 829 დასაქმების მსურველთა განაცხადი შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს „სისტემური განახლების“ ფარგლებში,  სამსახურში მიღების ახალი წესი ამოქმედდა. კერძოდ, გამომძიებლად კონკურსის გზით მხოლოდ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი ინიშნება.

მართლწესრიგის ოფიცრები თბილისში მუშაობას დღეიდან შეუდგნენ

„კონკურსის მომდევნო ეტაპზე მოხდება მიღებული განცხადებების გადარჩევა, ხოლო შემდგომ შერჩეული კანდიდატები ტესტირებას (ზოგადი უნარები და პროფესიული), გასაუბრებას, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას გაივლიან“, -აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით,  ყველა ამ ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატები დაინიშნებიან თანამდებობაზე და შსს-ს აკადემიაში სპეციალური მომზადების კურსის მიხედვით გადამზადდებიან. ამასთან, კანდიდატებისთვის აკადემიაში სწავლის პერიოდი ანაზღაურებადი იქნება და მოსამსახურეები ამ პერიოდის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს ნახევარს მიიღებენ.

უწყების ცნობით,  უკვე შეფასებულია მოქმედ გამომძიებელთა კვალიფიკაცია, შემუშავებულია გამომძიებელთა პროფესიული გადამზადების მოდული. ასევე, გაიზარდა გამომძიებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამტკიცდა სამსახურში მიღების ახალი წესი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 1200 მოქმედი გამომძიებელი გადამზადების სპეციალურ კურსს აკადემიაში გაივლის; ასევე,  შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს მოქმედი მოსამართლეები, პროკურორები და აკადემიის ტრენერები გადაამზადებენ.