მოგზაურობის დროს ახდენილი ოცნებები და საფრანგეთში ნაპოვნი სიყვარული

და, აი, ჩვენი რუბრიკის დღეც დადგა. დღეს მოგზაურობის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს თეო ჩიტიშვილი გაგვიზიარებს.
Sputnik

თეო საფრანგეთში ცხოვრობს და ქართულ როკ-ჯგუფში Vanilla cage მღერის. უყვარს მოგზაურობა და ცდილობს, როცა თავისუფალი დრო აქვს, ეს დრო მოგზაურობას დაუთმოს. მისი მეუღლეც მუსიკოსია. ხშირად დადის ტურნეში, თუმცა მეუღლესთან ერთად იშვიათად ახერხებს უცხო ქვეყანაში გამგზავრებას. წყვილი საქართველოს ხშირად სტუმრობს. თეოს თქმით, მისი მეუღლე მოხიბლულია ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით, ტრადიციებით და, რაც მთავარია, ქართული ღვინით.

მოგზაურობის დროს ახდენილი ოცნებები და საფრანგეთში ნაპოვნი სიყვარული

– განათლებით ბიოლოგ-ეკოლოგი ვარ, მაგრამ ამ განხრით არასდროს მიმუშავია. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მუსიკა იყო ჩემთვის ყველაფერი, ამიტომ დღეს ამ კუთხით ვმუშაობ, ვმღერი როკ-ჯგუფში Vanilla cage, ვუკრავ პიანინოზე და პარალელურად სოლო-პროექტზეც ვმუშაობ.

– პირველად როდის გადაკვეთეთ უცხო ქვეყნის საზღვარი, რომელი ქვეყანა იყო და რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

– პირველად 6-7 წლის წინ თურქეთში ვიმოგზაურე, კერძოდ სტამბულში. რა თქმა უნდა, ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა, მართლაც საოცარი ქალაქია. ამაში ბევრი დამეთანხმება.

მოგზაურობის დროს ახდენილი ოცნებები და საფრანგეთში ნაპოვნი სიყვარული

– ამ ეტაპზე საქართველოში არ ცხოვრობთ...

– ამჟამად საქართველოში არ ვცხოვრობ. უკვე ორი წელია საფრანგეთში ვარ. აქ გავთხოვდი, ფრანგი მეუღლე მყავს.

მოგზაურობის დროს ახდენილი ოცნებები და საფრანგეთში ნაპოვნი სიყვარული

– თქვენ მეუღლესაც იტაცებს მოგზაურობა? რამდენად უგებთ ერთმანეთს ამ საკითხში?

– ჩემი მეუღლეც მუსიკოსია. საკმაოდ აქტიურია ამ კუთხით და ყოველთვის უწევს ტურში მოგზაურობა. გამიჭირდება ჩამოვთვალო, რამდენ ქვეყანაშია ნამყოფი. მასაც ძალიან იტაცებს მოგზაურობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთად ხშირად ვერ ვახერხებთ.

– საქართველოში ნამყოფია?

– საქართველოში ბევრჯერაა ნამყოფი და ისე მოსწონს, საცხოვრებლადაც კი დარჩებოდა. მოსწონს ჩვენი კულტურა, სამზარეულო. ამბობს, რომ საოცრად სტუმართმოყვარე და თბილი, საკმაოდ იუმორით სავსე ერი ვართ. გაგიჟდა მთებზე და ბუნებაზე. რაც მთავარია, ხაზგასმით ამბობს, რომ ქართული ღვინო საუკეთესოა.

მოგზაურობის დროს ახდენილი ოცნებები და საფრანგეთში ნაპოვნი სიყვარული

– მოგწონთ ქალაქი, სადაც ახლა ცხოვრობთ?

– სადაც ამჟამად ვცხოვრობ, საფრანგეთის ერთ-ერთი პატარა, მყუდრო და ლამაზი ქალაქი ბრესუირია. ძალიან შევეჩვიე. უძველესი ქალაქია, ძველი ნაგებობებით, ციხე-სიმაგრეებით და სუფთა ქუჩებით. ძალიან თბილი, მეგობრული ხალხი ცხოვრობს, რაც მიადვილებს აქ ცხოვრებას.

მოგზაურობის დროს ახდენილი ოცნებები და საფრანგეთში ნაპოვნი სიყვარული

– დღესაც ისე აქტიურად მოგზაურობთ, როგორც ადრე?

– მიუხედავად იმისა, რომ ისე თავისუფალი აღარ ვარ, როგორც ოჯახის შექმნამდე, ასე თუ ისე მაინც ვახერხებ მოგზაურობას. დაახლოებით 14 ქვეყანაში ვარ ნამყოფი (თუ რამე არ გამომრჩა). ჯერ კიდევ ბევრი დამრჩა სანახავი. ჯერ ახალგაზრდა ვარ, ამიტომ კიდევ ბევრს მოვასწრებ, იმედია. მოგზაურობა დაუსრულებელი პროცესია, რომელიც გინდა, რომ არასოდეს დასრულდეს.

– რა პრიორიტეტებით არჩევთ ქვეყანას, ქალაქს, სადაც უნდა იმოგზაუროთ?

– ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა ის გარემო, რაც ასახავს ამა თუ იმ ქვეყნის კულტურას, ნაციონალურ კერძებს, შენობებს და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები. ჯერჯერობით ევროპის შემოვლა არ მაქვს დასრულებული. შემდეგ აზიის ქვეყნების ნახვა მაქვს მიზნად დასახული, რაც უფრო მაინტერესებს. მიზიდავს ეგზოტიკა და, დარწმუნებული ვარ, აზიით უფრო მეტად მოვიხიბლები, ვიდრე ევროპით.

მოგზაურობის დროს ახდენილი ოცნებები და საფრანგეთში ნაპოვნი სიყვარული

– ალბათ არაერთი თავგადასავალი შეგიძლიათ გაიხსენოთ...

– ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, კერძოდ, ბუდაპეშტში მე და ჩემი მეგობარი ფეხით ვსეირნობდით და ერთმანეთში ქართულად ვლაპარაკობდით. უეცრად უკნიდან ერთმა მოხუცმა უნგრელმა კაცმა გაგვაჩერა და საიდან ხართო, გვკითხა. ვუთხარით, რომ ქართველები ვიყავით. ამ კაცმა ქართულად „სულიკოს“ სიმღერა დაიწყო. იმდენად მოულოდნელი და სასიამოვნო იყო, ეს ემოცია არასდროს დამავიწყდება.

მოგზაურობის დროს თავგადასავლებს რა დალევს. ხშირად მარტო მიწევს მოგზაურობა, დავკარგულვარ კიდეც. ტრამვაის კონტროლიორმაც კი ჩამომაგდო ერთხელ ვადაგასული ბილეთის გამო. დამიკარგავს ტელეფონი, დამიგვიანია რეისებზე და ასე შემდეგ.

მოგზაურობის დროს ახდენილი ოცნებები და საფრანგეთში ნაპოვნი სიყვარული

– თქვენი ყველაზე საყვარელი ჯგუფი რომელია და მათ ლაივს თუ დასწრებიხართ უცხო ქვეყანაში?

– მყავს გამორჩეული ჯგუფები, მაგალითად, Pink Floyd, რომლის კონცერტსაც დავესწარი ვენაში. საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქ კლისონში ყოველ ზაფხულს ტარდება მსოფლიოში ყველაზე გრანდიოზული როკ-ფესტივალი Hellfest, სადაც ყველაზე ცნობილი ჯგუფები იღებენ მონაწილეობას. უკვე მესამე წელია დავდივარ და იმდენი ჩემი ბავშვობის საოცნებო ჯგუფი მოვისმინე, რომ ბედნიერებისგან გული მისკდებოდა. მაისში ველოდები კიდევ ერთი ჩემი ოცნების ახდენას – Metallica-ს ნახვას. ამ წელს Hellfest-ზე vanilla cage-მაც მივიღეთ მონაწილეობა, რაც დაუვიწყარია ჩვენთვის. ეს არის პირველი ქართული როკ-ჯგუფი, რომელმაც დაუკრა ამ ფესტივალზე და ძალიან ვამაყობთ ამით. ეს არის ფესტივალი, სადაც Aerosmith, Black Sabbath, Deep Purple, Iron Maiden, Marilyn Manson და ასე შემდეგ იღებენ მონაწილეობას.

– ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას, რის მონახულებას აპირებთ?

– ახლო მომავალში ვაპირებ საფრანგეთის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილის „მონ სან მიშელის" მონახულებას, რაც უდავოდ საოცრებაა.