თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელსაც ბრალად ედება ადგილობრივ მცხოვრებზე ფიზიკური ანგარიშსწორება, საკუთარ თავს პროვოკაციის მსხვერპლს უწოდებს და სასამართლოში ჩივილს აპირებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
მარნეულის ყოფილი მერი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს>>>
აბაზოვი და კიდევ ორი პირი მიმდინარე წლის ივნისში მარნეულის მკვიდრ ელჩინ ალახვერდიევის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე აღძრული საქმის ფარგლებში დააკავეს, მას შემდეგ, რაც „სტუდია მონიტორმა", რომელიც ჟურნალისტური გამოძიებითაა დაკავებული, სკანდალური სიუჟეტი გაავრცელა, რომელშიც გამოყენებული იყო Facebook-ით გავრცელებული ვიდეოკადრები.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან ფიზიკურად და აიძულებენ საკუთარი შარდით სახის დაბანას მარნეულის მკვიდრ ალახვერდიევს, რომელმაც მანამდე უცენზუროდ მოიხსენია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
„მე ვარ ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი. ვინაიდან როგორც ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, ეს იყო იმისთვის გაკეთებული, რომ მას ასეთი ბინძური გინებითა და ოჯახის შეურაცხყოფით უნდოდა „ნაცმოძრაობაში" გადასვლა. მე მსჯავრდებული არ ვყოფილვარ, მე ვიყავი ბრალდებული. მე საჩივარი უნდა შევიტანო ცილისწამებისთვის, ვინაიდან ჩემი ოჯახი იყო წამოუდგენლად შეურაცხყოფილი“, – ამბობს აბაზოვი.
ხუთშაბათს რუსთავის რაიონულმა სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლომ დააკმაყოფილა აღკვეთის ზომის შეცვლის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა. სასამართლომ იხელმძღვანელა იმით, რომ უკვე ყველა მტკიცებულება შესწავლილია და ყველა მოწმე დაკითხული.
ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა ამტკიცებს, რომ აბაზოვმა ალახვერდიევი სცემა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო „ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ელჩინ ალახვერდიევი აიძულეს მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.
აბაზოვს ბრალი ედება სსკ-ის მუხლებით „არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ" და „პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია".
მარნეულის ყოფილ მერს 5-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.