დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

ანდრია პირველწოდებულს საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იგი ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელია.
Sputnik

მართლმადიდებელი ეკლესია 13 დეკემბერს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში ღვთისმსახურება აღევლინება.

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს:

• 13 დეკემბერი – წმინდა მოციქულის აღსრულების დღე;

• 12 მაისი – საქართველოში შემოსვლის დღე.

ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა.

საქართველოს ტერიტორიაზე ანდრია მოციქული პირველად სოფელ დიდაჭარაში შემოვიდა. წმინდანი სრულიად უცხო მხარეში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით შემოვიდა. უფლის სახელით მოსული მოციქული მრავალ სასწაულს აღავლენდა. დიდაჭარაში დღემდეა შემორჩენილი წმინდა მაკურნებელი წყარო, რომელიც იმ ადგილზე აღმოცენდა, სადაც ღვთიმშობლის ხატი იყო დაბრძანებული. სოფელში დღემდეა შემონახული თავად წმინდა ანდრიას მიერ აშენებული ტაძრის ნანგრევებიც.

ანდრია პირველწოდებულს კერპთაყვანისმცემელი მოსახლეობა დიდ წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა მრავალ განსაცდელს გაუძლო და ბევრი მათგანი მოაქცია. გადმოცემის თანახმად, სწორედ მან ააგო პირველი ტაძარი საქართველოში და პირველი სასულიერო პირებიც მანვე დაადგინა. რის შემდეგაც მისიონერული მოღვაწეობა სხვა ქვეყნებში განაგრძო.

იერუსალიმის მოლოცვის შემდეგ ანდრია მოციქული, სვიმონ კანანელსა და მატათასთან ერთად, საქართველოში დაბრუნდა და ქრისტიანობა ქართლსა და აფხაზეთში იქადაგა.

უკანასკნელი ქალაქი, სადაც ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა, საბერძნეთის ქალაქი პატრა იყო, სადაც მისი ლოცვით უამრავი ადამიანი მოექცა, თუმცა ქალაქის თავმა ეგაეტმა ბრძანა, მოციქული ჯვარს ეცვათ.

წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ჯვარზე მისი დაკიდება ბრძანა. ანდრია პირველწოდებული ორი დღე ქადაგებდა. ბოლოს წმიდანის სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა მისი ჯვრიდან ჩამოხსნა. ეგაეტმა მისი გათავისუფლების განკარგულება გასცა, თუმცა ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ცდილობდნენ მის ჩამოხსნას, მაგრამ ამაოდ.

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე გაკრული აღესრულა. ეს მოხდა 62 წელს. დაკრძალეს იქვე, პატრაში.

რამდენიმე საუკუნის შემდეგ, კონსტანტინე დიდის ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში პატივით დაასვენეს და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს.

2002 წლის 15 აგვისტოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები საქართველოს საპატრიარქოს საჩუქრად გადაეცა.