თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქარბუქისა და ნამქერის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება გუშინ, გვიან ღამით აიკრძალა.
„გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა წმენდის დაწყებიდან უმოკლეს ვადებში აღდგება", – ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება ფარავნის უღელტეხილზე ვითარებას, ამ დროისთვის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე უკვე თავისუფალია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რაც დილიდან ნაწილობრივ შეზღუდული იყო.