თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ქართველი მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე ბოლო პერიოდში ძალზე ხშირად ახარებს თაყვანისმცემლებს.
მომღერალმა, რომელმაც საქართველო წარადგინა სიმღერის კონკურსზე „ევროვიზია 2017", საზოგადოებას ორი კარგი ამბავი გაუმხილა.
რამდენიმე დღის წინ გაჩეჩილაძემ ფოტო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ იგი ორსულადაა.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. რამდენიმე ფოტოს მოჰყვა კიდევ ერთი ფოტო, სადაც ჩანს, რომ გაჩეჩილაძე რაღაცას აწერს ხელს. აღმოჩნდა, რომ მომღერალი მეუღლის გვარზე გადავიდა და უკვე ოფიციალურად გახდა მილანოვა. მისი მეუღლე ბულგარელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პროდიუსერი ბორის მილანოვია.
წყვილმა ერთმანეთი „ევროვიზიაზე" 2017 წელს გაიცნო. თაკო საქართველოს სახელით გამოდიოდა, ბორისის სიმღერები კი ბულგარეთმა და კიდევ ორმა ქვეყანამ წარმოადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ ბულგარეთმა სიმღერით Beautiful Mess, რომლის ერთ-ერთი ავტორია მილანოვი, მეორე ადგილი დაიკავა.
მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე 34 წლისაა, ის თბილისში დაიბადა. 2009 წელს ჯგუფ „სტეფანე და 3G"-ს შემადგენლობაში ის მოსკოვში „ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით უნდა გამოსულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა საკონკურსო სიმღერის We Dont Wanna Put In-ის პოლიტიკური კონტექსტის გამო: კონკურსანტებს ტექსტის შეცვლა მოსთხოვეს, მაგრამ ჯგუფმა ეს არ გააკეთა და კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.