„მოვიდეს მამაშენი, ყველაფერს ვეტყვი!“ – როგორი უნდა იყოს მამა

რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ნატალია ბაქრაძე.
Sputnik

დედა, მამა და შვილი – ეს წრეა, რომელიც ოჯახის ძირითად ბირთვს წარმოადგენს. საზოგადოებაში დედის როლი მეტად აქტიურია, ბავშვის ცხოვრებაში უფრო მეტად დედა ფიგურირებს, დედას დაჰყავს ბაღში, სკოლაში, წრეზე, დედა დადის კრებებზე და ა.შ. მამები შედარებით პასიურ როლში არიან, თუმცა ბოლო პერიოდში, წინა თაობებთან შედარებით, ახლანდელი მამები უფრო აქტიურად არიან ჩაბმული შვილების ცხოვრებაში. სასკოლო გარემოში ხშირად ვხვდები ახალგაზრდა მამებს, რომლებსაც შვილები მიჰყავთ სკოლაში, გაკვეთილების შემდგომ ერთად მიდიან სახლში და გზად მთელი დღის ამბების შესახებ ეკითხებიან შვილებს.

ზოგჯერ, მიუხედავად იმისა, რომ მშობლებმა მეტ-ნაკლებად იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი ბავშვის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ისეც ხდება, რომ მამები სამსახურებრივი საქმიანობით არიან დაკავებული და ბავშვის აღზრდაში აქტიურად ვერ მონაწილეობენ; ბევრ ოჯახში კი მამის საქმე მხოლოდ ბავშვის დასჯაა. როცა შვილი ცუდად იქცევა, ბევრი დედა ასე ემუქრება: „მოვიდეს მამაშენი, ყველაფერს ვეტყვი!“

შვილთან ურთიერთობის „გასაღები“: ბავშვის ტემპერამენტი და მოქცევის წესები ფსიქოლოგისგან

და, მაინც, რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის ცხოვრებაში მამას?

მუცლად ყოფნის პერიოდიდან მოყოლებული მამის როლი შეუცვლელია. დედისა და მამის ხმას ნაყოფი ერთნაირად გამოარჩევს სხვა ხმებისგან. მამის შესახებ ინფორმაციას ნაყოფი დედისგან იღებს, იმ სიყვარულთან და მზრუნველობასთან ერთად, რასაც მშობლები გამოხატავენ ერთმანეთისა და მომავალი შვილის მიმართ. დედასა და მამას შვილისთვის აბსოლუტურად თანაბარი მნიშვნელობა აქვს. ბავშვს ისევე სჭირდება სითბო და ყურადღება მამისგან, როგორც დედისგან. ზოგჯერ დაბადების შემდეგ ახალშობილს მამას უწვენენ გულზე. ამ დროს ემოციური კავშირი კიდევ უფრო მტკიცდება მამასა და შვილს შორის, ბავშვი გრძნობს, რომ არსებობს კიდევ ვიღაც, ვისაც ისევე უყვარს, როგორც დედას და ისევე ზრუნავს და იცავს მას, როგორც დედა. მთავარია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ეს კავშირი მეტად გამყარდეს და არა პირიქით.

მამა ოჯახში დაცულობასთან, სიძლიერესთან, სიმყარესთან, უსაფრთხოებასთან ასოცირდება. ბავშვები მისგან მოელიან სიყვარულს, მხარდაჭერას, მზრუნველობას. განსაკუთრებით საყურადღებოა ისიც, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მამას დედისადმი და პირიქით, რამდენად მზრუნველობით, სითბოთი და ურთიერთპატივისცემითაა სავსე მათი ურთიერთობა. 

უნდა შეიყვანოთ თუ არა შვილი საბავშვო ბაღში: ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

მამის როლი ბიჭებისთვის

მამა ავტორიტეტია ბიჭებისთვის, მისაბაძი ობიექტია. თუ დააკვირდებით საკუთარ შვილებს (ბიჭებს), შენიშნავთ, რომ ხშირად ქცევები, სიტყვები, ტერმინები, პირდაპირ აქვთ გადმოღებული მამისგან, ისინი ცდილობენ ჰგავდნენ მამას. როდესაც მამა ჩართულია შვილის ცხოვრებაში, სქესთან იდენტიფიცირების პროცესიც წარმატებით მიმდინარეობს ბავშვებში. რაც მეტად ჩახედულია მამა შვილის ყოველდღიურობაში, მით მეტად გრძნობს ბავშვი დაცულობასა და მხარდაჭერას. ბიჭისთვის შეგრძნება, იყოს მამისთვის მნიშვნელოვანი, ამაღლებს მის თვითშეფასებას, როცა მამა მეგობრობს შვილთან, ის მეტად წარმატებული და საკუთარ ძალებში დარწმუნებულია.

თუ ბავშვი ზედმეტად მორცხვია... დაშვებული შეცდომები აღზრდისას

მამის როლი გოგონებისთვის

გოგონებისთვის, ისევე, როგორც ბიჭებისთვის, მამა ავტორიტეტია. ის დამცველი და მხარდამჭერია მათთვის. მზრუნველი მამა გოგონას უყალიბებს საპირისპირო სქესთან კომუნიკაციის გამოცდილებას, რაც მეტად ყურადღებიანია მამა, მით მეტად სანდოა გოგონასთვის გარემო. მამა სიძლიერის სიმბოლოა გოგონებისთვის, რომელიც იცავს და ზრუნავს როგორც მასზე, ისე დედაზე. გოგონები მამის მაგალითით ეძებენ მომავალ პარტნიორს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რამდენად ჩართული და აქტიურია მამა, რამდენად პოზიტიურ გამოცდილებას შესძენს ის შვილს.

მკაცრი, ავტორიტარი მამა საფრთხეს უქმნის შვილების ფსიქოემოციურ უსაფრთხოებას. როდესაც ბავშვებს მამის შიში აქვთ, ირღვევა მათი ემოციური კავშირი, მუდმივი შფოთვა მამის რეაქციების გამო ბავშვს ჩაკეტილს, დაძაბულსა და ზოგჯერ აგრესიულს ხდის. მაშინ, როდესაც ბავშვი ვერ გრძნობს საკმარის სიყვარულს მამისგან, ეს ხელს უშლის მის პიროვნულ განვითარებას. მისთვის სამყარო უფრო მეტად საშიშია, ვიდრე საინტერესო და აღმოჩენებით სავსე.

გამოვხატოთ შვილის მიმართ ემოციური მხარდაჭერა – ბავშვის არასასურველი ქცევა სიგნალია

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვები გრძნობდნენ მამის სიახლოვეს?

-       იყავით თქვენი გოგონებისთვის და ბიჭებისთვის მეგობრები;

-       იზრუნეთ მათ დედაზე იმისთვის, რომ ისინი გრძნობდნენ და ხედავდნენ თქვენ სიძლიერესა და მზრუნველობას;

-       მოუსმინეთ მათ, გაიზიარეთ მათი ყოველღიურობა, აქტიურად ჩაერთეთ მათ ცხოვრებაში;

-       დაინტერესდით მათი მიღწევებით და დაეხმარეთ სირთულეების დაძლევაში;

-       ნუ იქნებით კრიტიკულები მათ მიმართ;

-       ნურასდროს ეტყვით ბიჭებს იმას, რომ კაცია და არ უნდა იტიროს. მას აქვს უფლება იტიროს, რადგან რაღაც ეწყინა, ეტკინა, არ მოეწონა. გაამხნევეთ.

-       ითამაშეთ ერთად, თუნდაც რამდენიმე წუთით, გაისეირნეთ, ისაუბრეთ, განსაკუთრებით ბიჭებთან, მოუყევით თქვენ ბავშვობაზე, როგორი ბავშვი იყავით მის ასაკში, რა გამოგდიოდათ კარგად, რა გეშლებოდათ;

მე შენ ვერ გაგაბედნიერებ, ანუ სად ვეძებოთ საკუთარი კეთილდღეობა

-       დაეხმარეთ გაკვეთილების მომზადებაში;

-       თქვენ შეგიძლიათ საუკეთესო პარტნიორი იყოთ მისთვის თამაშის დროს, ეს მათ უსაზღვრო სიხარულს ანიჭებს.

-       ერთად დაეხმარეთ დედას სახლის საქმეებში და იზრუნეთ მასზე.

-       აჩვენეთ მაგალითი, რომ დაეხმაროს და უთანაგრძნოს სხვებს.

გახსოვდეთ, რომ ბავშვებს მეგობრობა სჭირდებათ, მათთვის დედ-მამა ის მთლიანობაა, რომელიც ქმნის მის მიკროსოციუმს და უზრუნველყოფს მის ფსიქოემოციურ განვითარებას. სიმკაცრე არასდროსაა შედეგის მომტანი. აქტიურად ჩაერთეთ შვილების ცხოვრებაში და მოუსმინეთ მათ.