საქართველო სინზე: The Guardian ქართული სამზარეულოს შესახებ

ბრიტანელმა ჟურნალისტმა საქართველოში კულინარიული მოგზაურობა მოაწყო და, ტყლაპიდან დაწყებული და ხინკლით დამთავრებული, მრავალი ქართული კერძი გასინჯა.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. „საქართველო ჩემ სინზე: კულინარიული მოგზაურობა კავკასიაში" – ასეთი დასახელების სტატია გამოქვეყნდა ბრიტანულ გამოცემაში The Guardian.

ჟურნალისტი კილიან ფოქსი, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა, ქართულ სამზარეულოსა და მის განუმეორებელ თვისებებზე საუბრობს.

„პირველი შთაბეჭდილება, რაც ორკვირიანი ვიზიტის დროს მივიღე: ქართველებს უყვართ მომზადება და ჭამა – საკვებს ამ დიდი კულტურის ლამაზ ქვეყანაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება", – წერს ფოქსი.

The Guardian სვანეთზე: ალპებზე უკეთესი

ფოქსის მოგზაურობა საქართველოში ქუთაისიდან დაიწყო. ქუთაისში მან იყიდა ტყლაპი. შემდეგ თბილისში სამარშრუტო ტაქსით გამოემგზავრა, რომელსაც, ავტორის აზრით, საკმაოდ სწრაფად გადაჰყავთ მგზავრები დანიშნულების ადგილზე.

ავტორი სტატიაში აღნიშნავს, რომ თბილისში იხილავთ რთული ისტორიის ნაკვალევს, აქ ერთმანეთშია შერეული რამდენიმე არქიტექტურული სტილი.

ფოქსი აღნიშნავს, რომ ქართული სამზარეულო – ესაა საოცარი შერწყმა თურქული, სლავური და ირანული არომატებისა. მისი თქმით, ქართული სუფრა სრულფასოვანი არაა სადღეგრძელოს გარეშე.

„რაც მეტი დრო გადიოდა, მით მეტად იზრდებოდა ჩემი პატივისცემა ქართული კერძებისადმი", – წერს ფოქსი და აღნიშნავს, რომ მას განსაკუთრებით მოეწონა ლობიო ქოთანში და ხაჭაპური.

კახეთში ფოქსმა ქართული ღვინო დააგემოვნა; გაესაუბრა ადგილობრივ მეღვინე რამაზ ნიკოლაძეს, რომელმაც ბრიტანელ მოგზაურს განუმარტა, რომ ღვინის ქვევრში დაყენება საკმაოდ რთული საქმეა და დიდ სტრესთან არის დაკავშირებული, რადგან არასდროს იცი, რა შედეგს მიიღებ.

The Guardian-მა თუშეთს სამოთხე უწოდა>>

სტატიის ბოლოს ფოქსი მკითხველს ურჩევს, საქართველოში მოინახულოს ისეთი ადგილები, როგორიცაა ვარძია, გელათის მონასტერი და მაღალმთიანი სვანეთი.