„საკვირველი და დიდებული საქართველო" The Guardian-ის სტატიაში

ბრიტანელი ჟურნალისტი შეეცადა გაერკვია, რატომ უწოდებენ საქართველოს განსაკუთრებულ ქვეყანას.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ბრიტანულმა გამოცემამ The Guardian გამოაქვეყნა სტატია საქართველოში საოცარი მოგზაურობის შესახებ.

„საქართველო ჩემ სინზე: კულინარიული მოგზაურობა კავკასიაში" - სტატია ამ სახელწოდებით მოამზადა ჟურნალისტმა კილიან ფოქსმა, ხოლო სიუზენ მურმა გადაწყვიტა, თავისი სტატიისთვის ეწოდებინა „საკვირველი და დიდებული საქართველო".

„როდესაც ჩამოვდივართ, გვესმის, რომ სრულიად ფანტასტიკურ ადგილზე ვიმყოფებით", – წერს მური სტატიაში.

ჟურნალისტმა ყურადღება მიაქცია მოდურ სასტუმროებს, სხვადასხვა სტილის დიდებულ ნარევს, ქართულ ანტიკვარიატს, ჭაღებს, ლამაზ იატაკს...

საქართველო სინზე: The Guardian ქართული სამზარეულოს შესახებ

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მართლმადიდებლური ტაძრების გვერდით საბჭოთა ბრუტალური შენობები დგას. ძველ კომუნალურ ეზოებს ხის მოაჯირიანი კიბეებით ავტორი გადასაღებ მოედანს ადარებს.

თბილისის გარდა სტატიის ავტორი ასევე იმყოფებოდა გორში, სადაც სტალინის მუზეუმს ეწვია.

„აქ მთელი მუზეუმია, რომელიც „ბიძია ჯოს" ეძღვნება. მუზეუმი სავსეა ფოტოებით, რომლებზეც პატარა გოგონები ჰყავს ხელში აყვანილი (უცნაურია), ფოტოები ჩერჩილთან და რუზველტთან ერთად", – წერს მური.

სიუზენ მური ეწვია ბათუმსაც, რომელსაც „მინი ლას-ვეგასი" უწოდა, რადგან აქ ბევრია აზარტული თამაშების სახლი.

მურმა სტეფანწმინდას პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ადგილი უწოდა და დასვა კითხვა: „რატომაა საქართველო ასეთი განსაკუთრებული?". მისი აზრით, საქართველოს განსაკუთრებულს სტუმართმოყვარეობა და ადამიანური სითბო ხდის.