ტელეფონის ანგარიშის შევსებას ხუთი ავტომობილი შეეწირა

თბილისში მამაკაცმა ავტომობილი გაიტაცა, ავარია მოახდინა და ხუთი ავტომობილი დაამტვრია.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. თბილისში მოქალაქეს ავტომობილი მოპარეს, რომლითაც ხუთი ავტომობილი დაამტვრიეს, იუწყებიან ქართული საინფორმაციო საშუალებები.

თბილისში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

შემთხვევა დღეს, დილით წერეთლის გამზირზე მოხდა.

როგორც „Sputnik საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი ავტომობილიდან გადავიდა, რათა სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ტელეფონზე თანხა ჩაერიცხა, რა დროსაც ავტომობილში უცნობი პირი ჩაჯდა და გაიტაცა.

გამტაცებელი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც მეტროს სადგურ „დიდუბესთან" ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა. ამ შემთხვევის გამო ხუთი ავტომობილი დაიმტვრა.

გამტაცებელი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.