თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ქართველი ხალხი ღირსეულად შეხვდება პრეზიდენტის ინაუგურაციას, როდესაც ქვეყნის მთავარსარდლად პირველად აირჩიეს ქალი, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილებები დასასრულს უახლოვდება. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს კახეთში გაიმართება.
„მომავალ კვირას არის ინაუგურაცია პრეზიდენტის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს. პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალბატონი არის არჩეული პრეზიდენტად… ჩვენმა ერმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა. ეს ძალიან საწყენია. ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? ისევ ჩვენი ნაკლია. ერთი ხმითაც მეტი რომ იყოს, უკვე ადამიანი გამარჯვებულია არჩევნების დროს", – ბრძანა პატრიარქმა.
მან თხოვნით მიმართა მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მათ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ.
„მე მინდა ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი", – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.
ამასთან, ილია მეორემ რწმენა გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი იმდენად არ დაეცემა, რომ შური იძიოს, ან ერთმანეთს რაიმე ცუდი გაუკეთეს. თითოეულ ადამიანში სიყვარული და სიკეთე უნდა სუფევდეს, აღნიშნა ილია მეორემ.