რა ცვლილებები შევა ახალ საბაჟო კოდექსში

პრემიერი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას მებაჟეები მეწარმეების ინტერესებს მაქსიმალურად დაიცავენ
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. 2019 წელს საქართველოს ექნება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც გლობალურ ეკონომიკაში ქვეყნის ეფექტურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, განაცხადა ორშაბათს ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოქმედი საბაჟო და საგადასახადო კოდექსები დასმულ მიზნებსა და ამოცანებს არ პასუხობს. მისი თქმით, ახალი საბაჟო კოდექსი ე.წ. ღია პლატფორმის მიხედვით შემუშავდა და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა განხილვის პროცესში მიეღო მონაწილეობა.

თბილისის მერიას ელექტროავტობუსების იმპორტზე საგადასახადო შეღავათები სურს

„ჩვენი ხედვაა, საქართველო გავხადოთ ეკონომიკური ცენტრი მთელი რეგიონისთვის. შესაბამისად, ციფრულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობილი საბაჟო კოდექსი, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს, ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა ამ მიზნის მიღწევისთვის“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ახალი საბაჟო კოდექსი ევროკავშირის სტანდარტებს სრულად პასუხობს.

„მნიშვნელოვნად გამარტივდება გაფორმების ახალი წესები და დეკლარირების ფორმები; იქმნება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა; საბაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მეწარმის ინტერესები; შემოღებული იქნება გარანტიის ახალი სახეობები და ბევრი სხვა ინიციატივა, რომელიც ჩვენს საბაჟო კოდექსს ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მოქმედი საბაჟო კოდექსი 1997 წელს არის მიღებული. იმ დროიდან მასში 36 ცვლილება შეიტანეს.