თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ქუჩებში მალე ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები განთავსდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
საპილოტე პროექტი, რომელიც საზოგადოებას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გააცნო, პირველ ეტაპზე ტურისტულ ზონებში განხორციელდება.
„საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე ახალ აღმაშენებელზე განხორციელდება, სადაც უკვე რეაბილიტაციაა ჩატარებული. ასევე, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე, თუმცა სამომავლოდ, რა თქმა უნდა, სეპარაციის ურნები მთელი ქალაქის მასშტაბით განთავსდება“, – განაცხადა კახა კალაძემ
ურნები პლასტიკური ბოთლების, შერეული ნარჩენის, ქაღალდისა და მინის სექციისგან შედგება.
„საქართველოში ბევრი კომპანიაა, რომელიც ნარჩენებს მეორად პროდუქტად ამუშავებს. ამიტომ, ჩვენ მათ მივცემთ შესაძლებლობას, ნარჩენებისგან სხვადასხვა პროდუქტი შექმნან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახალ ურნებზე შესაბამისი სექცია გათვალისწინებულია მწეველებისთვისაც.
„ხშირია შემთხვევები, როდესაც სიგარეტის ნამწვისგან ცეცხლი ჩნდება. ამიტომ, ქალაქში სეპარაციის ურნების განთავსება ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
დედაქალაქის მერიამ ნარჩენების სეპარაციის ურნები უკვე შეისყიდა.