მსოფლიო დღეს

საფრანგეთში დააკავეს საქართველოს 10 მოქალაქე, მათ შორის ორი „კანონიერი ქურდი“

საფრანგეთში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად სულ დაკავებულია საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი.
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საფრანგეთში ორი ქართველი „კანონიერი ქურდი“ და ორგანიზებული დაჯგუფების 8 წევრი  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით დააკავა, განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე.

„ფრანგულ მხარესთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად და  ქართველი სამართალდამცველების უშუალო მონაწილეობით, მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია სახელად VORS 69-01 - დაკავებულია საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი. დაკავებულებს შორის საქართველოს 10 მოქალაქეა, მათ შორის 2 - „კანონიერი ქურდი“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოცვაძემ.

დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები: ქართველი „კანონიერი ქურდები“ - 1971 წელს დაბადებული მინდია ნიჟარაძე და 1973 წელს დაბადებული რევაზ სესკურია; ასევე, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები - 1983 წელს დაბადებული ო.თ., 1983 წელს დაბადებული ს.ჩ., 1984 წელს დაბადებული რ.ნ.; 1968 წელს დაბადებული ი.ბ., 1983 წელს დაბადებული ზ.ო., 1974 წელს დაბადებული მ.ლ., 1983 წელს დაბადებული მ.ტ. და 1991 წელს დაბადებული ლ.რ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები გასაქურდად ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს აღნიშნული ბინების შესახებ, შემდეგ კი ქურდავდნენ. ასევე, იპარავდნენ ავტომობილებს, ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და უკანონოდ ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

დაკავებულთა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები. მათ შორის არის ძვირფასეულობა, ცეცხლსასროლი იარაღი, ძვირადღირებული ავტომობილები, დიდი ოდენობით ფული, ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი ტექნიკა, სხვადასხვა ტიპის საკეტების გასაღები მოწყობილობები. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს სუბუტექსისა და მეტადონის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებები და კონტრაბანდული გზით მოპოვებული 1500 კოლოფი სიგარეტი.

გამოძიების ინფორმაციით, საერთო ზარალმა 400 000 ევროზე მეტი შეადგინა.

დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ბრალად ედებათ ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილი ქურდობა, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაცია, ფულის გათეთრება და კრიმინალური დაჯგუფების წევრობა. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უკრაინაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

დაკავების ოპერაციაში საფრანგეთის, ბელგიისა და საქართველოს 300-ზე მეტი სამართალდამცველი მონაწილეობდა. ასევე, ჩართული იყვნენ სპეცდანიშნულების დანაყოფები, კინოლოგიური სამსახური და გამოყენებული იყო ვერტმფრენი.

2018 წლის იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მათ შორის ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, 14 „კანონიერი ქურდი“ დააკავა, ხოლო ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით - 190 პირი.