ქართველი კონდიტერის იმერული ოდები

... ფრანგი შეფ–მზარეულის მასტერ-კლასზე მოხვედრილმა ახალგაზრდა კონდიტერმა სოფიო შუბითიძემ  ახალი გემოები და სამყარო აღმოაჩინა, რომელიც მისთვის ყველაზე საინტერესო და ახლობელი აღმოჩნდა... მისმა შექმნილმა საახალწლო იმერულმა ოდამ  სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაისახურა.
Sputnik

ნინი რაზმაძე  

– რატომ  გადაწყვიტეთ კონდიტერეობა და როდის შეგიყვარდათ  ეს სფერო?

– ეს არ იყო ჩემი პირვანდელი პროფესია.  ვმუშაობდი საჯარო საქტორში და ხუთი წელია რაც სერიოზულად მოვკიდე ხელი ამ საქმეს. მოვხვდი ფრანგი შეფ-კონდიტერის მასტერ-კლასზე, გავსინჯე ახალი გემოები და მაშინ გადავწყვიტე ჩამებარებინა კულინარიის აკადემიაშია. სულ მქონდა განცდა, რომ იმას არ ვაკეთებდი, რაც გულით მინდოდა. სამსახურიდან სახლში დაბრუნებული ბავშვს დავაძინებდი და ინტერნეტში მოძიებული რეცეპტებით ვიწყებდი რაღაცეების კეთებას. სამწუხაროდ, არაფერი გამოდიოდა, თავიდან მეგონა მე არ გამომდიოდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ინტერნეტში არასწორ რეცეპტებს დებდნენ. 

ქართველი კონდიტერის იმერული ოდები

– გაქვთ თქვენი ბლოგი, სადაც მკითხველს სხვადასხვა  რეცეპტს უზიარებთ, რამდენად ამართელებს მსგავსი ტიპის ბლოგები?

– ბლოგის შექმნა გადავწყვიტე იმიტომ,  რომ არ მსურდა სხვა  ადამინებსაც  ჩემსავით ეწვალათ.  ჩემი ბლოგი ძირითადად ქართველი დიასახლისებისა და იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც კონდიტერად მუშაობენ და სურთ სიახლეებს გაეცნონ. ეს არის უტყუარი რეცეპტები,  რომლითაც პირველივე ჯერზე შესაბამისი შედეგი მიიღება.  ყოფილა შემთხვევა, როცა ბლოგის მკითხველებს  ღამით დაურეკავთ და რჩევა უკითხავთ. ვფიქრობ, თავის მიზანს ბლოგი ამართლებს. ამ ადამიანებისგან იმდენი სითბო მიბრუნდება, ბედნიერებას ვერ ვმალავ. როდესაც მოდიან ჩემთან და თავინთ ისტორიებს მიყვებიან, ვხვდები რომ რაღაცაში დავეხმარე.

– პროფესიის შეცვლა გარკვეულ  რისკებთან არის  დაკავშირებული, არ გაგიჭირდათ ამ ნაბიჯის გადადგმა?

– სიმართლე გითხრათ, ამაზე ბევრი  არ მიფიქრია. წლებია ვმუშაობდი და სულ მქონდა დანაკლისის განცდა, ვიცოდი რომ მეტი შემეძლო. მიხარია, რომ შევძელი იმ საქმის პოვნა,  რასაც სიამოვნებით ვაკეთებ. ახალი საქმის დაწყება  არასდროს  არ არის გვიან, თუ გულით გინდა აუცილებლად გაგიმართლებს. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებაც არის, მაგრამ ეს უნდა მიიღო გამოწვევად და თვალი გაუსწორო დაშვებულ შეცდომებს. 

ქართველი კონდიტერის იმერული ოდები

 

– თქვენი  საახალწლოდ მომზადებული იმერული ოდა უკვე პოპულარულია...

– ბოლო ორი წელი ე.წ.  ჯინჯერ–ჰაუსებს ვამზადებდი. წელსაც უნდა გამეკეთებინდა მსგავსი სახლები, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაც ახალი მჭირდებოდა.  გამახსენდა თბილისის ეთოგრაფიული მიუზეუმი, დავათვალიერე სხვადასხვა სახლები და ავარჩიე იმერული ოდა.  დასაწყისისთვის  ავიღე იმერული ნალიას და ოდას ნაერთი. საქართველო მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით და ცხადია რთული გადასაწყვეტი არ იყო რომ აქცენტი მაგ მიმართულებით უნდა გამეკეთებინა.

– იმერული ოდის დაგემოვნება შესაძლებელია?

– ეს კითხვა ბევრს უჩნდება. ცომი თაფლისაგნ მზადდება, რომელსაც სხვადასხვა სანელებლები აქვს დამატებული, რის გამოც  არის ასეთი არომატული.  შემდეგ  გავაკეთეთ მაკეტი, დახაზული შაბლონის მიხედვით ცომისგან ავაწყვეთ ოდა და გირჩებით და სანთლით გავაფორმეთ.  ვისაც იმერული ოდის დაგემოვნების სურვილი გაუჩნდება, შეუძლია მიირთვას და სიამოვნებაც მიიღოს. 

ქართველი კონდიტერის იმერული ოდები

– მარტო ქმნით ამ  საოცრებებს?

– ვოლონტიორები, ჩემი ბლოგის მკითხველებს შორის შევარჩიე. დავწერე, რომ მოხალისეებს ვეძებდი, უამრავმა ადამიანმა მომწერა,  პირველი რვა კანდიდატი ავარჩიე და დავიწყეთ ერთად კეთება.

– იმერული ოდის მსგავსად არ აპირებთ სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ოდების გამოცხობას?

შესაძლებელია თუ ბლოგის გამომწერებისგან შესაბამისი გამოხმაურება იქნება. ძალიან გამიტაცა დღესასწაულებისთვის მზადებამ. არის რამდენიმე დღესასწაული,  რომლისთვისაც განსაკუთრებულად ვემზდები.  ამ დროს ვცდილობ, რომ პროდუქტი იყოს განსხვავებული და გემრიელი, ამასთან ერთად მათი ლამაზი შეფუთვის შექმნაზეც ვზრუნავ... ვცდილობ ჩემი პროდუქტი განსაკუთრებულად შევფუთო და ისე მივაწოდო მომხმარებელს. 

ქართველი კონდიტერის იმერული ოდები

– საახალწლოდ რა რჩევებს მისცემდით დიასახლისებს..

– მთვარია ყველაფერი გულით იყოს მომზადებული. აუცილებელი არ არის დიდი რაოდენობით  საჭმლის მომზადება, სიყვარული და სითბო უნდა იგრძნობოდეს სახლში. დესერტების მხრივ შემიძლია ვურჩიო გამოიყენონ  სეზონული ინგრედიენტები.