საქართველოში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

კონკურსზე წარდგენილი იქნება საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან.
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებით საქართველოში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება, ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინიციატივის მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველო ღვინის პოპულარიზაციისთვის რამდენიმე მილიონს დახარჯავს

კონკურსი ჩატარდება მიმდინარე წლის 15-17 დეკემბერს. მისი მიზანია, ქართული, წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, საფერავისა და მისგან დამზადებული მრავალფეროვანი ღვინოების პოპულარიზაცია.

საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი იქნება.

კონკურსზე წარმოდგენილი იქნება საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან.

კონკურსის მიზანია მსოფლიოსთვის საუკეთესო საფერავის ღვინოების წარდგენა, როგორც ადგილობრივი ისე უცხოური ბაზრებიდან, ნათქვამია განცხადებაში.