ლარსი დღეს: ძლიერმა თოვამ გზებზე პრობლემები შექმნა

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის  მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ძლიერი ნისლის გამო თბილისის აეროპორტში მუშაობა შეფერხებულია

ინტენსიური თოვითა და ლიპყინულით გამოწვეული აკრძალვა ეხება მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტს, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით, ასევე აღნიშნავენ უწყებაში.