სომხეთის ელჩმა უმასპინძლა სტუდენტ გოგონას, რომელმაც 37 ათასი დოლარი იპოვა

სომხეთის ელჩმა საქართველოში თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს პატიოსნებისთვის მადლობა გადაუხადა
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. სომხეთის ელჩმა საქართველოში რუბენ სადოიანმა უმასპინძლა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ კარინე ბაგირიანს, რომელმაც 37 ათასი დოლარი იპოვა და პოლიციას მიმართა, ნათქვამია საელჩოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისელმა სტუდენტმა გოგომ ქუჩაში 37 000 იპოვა - რეალური ისტორია არარეალური ფინალით >>

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მცხოვრებმა, კარინე ბაგირიანმა ფული 28 ნოემბერს კურსელ გოგონასთან სეირნობისას იპოვა. გოგონებმა მიმართეს პოლიციას, რომელმაც მფლობელი იპოვა და მას ფული დაუბრუნა.

„ელჩმა სადოიანმა მადლობა გადაუხადა კარინეს ასეთი პატიოსნების გამოხატვისთვის და ყველასათვის საუკეთესო მაგალითის მიცემისათვის. მან აღნიშნა, რომ დღევანდელ მსოფლიოში ასეთი ადამიანური ნაბიჯის ფაქტი ცხადყოფს, რომ პატიოსნება და სიკეთე ჯერ კიდევ არ არის გაუფასურებული და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, ბაგირიანმა ელჩს მიღებისთვის და გამოჩენილი ყურადღებისათვის მადლობა გადაუხადა.

რაც შეეხება ფულის მფლობელს, ის თბილისელი მამაკაცი აღმოჩნდა. ეს თანხა მას სახლის გაყიდვაში გადაუხადეს.