საქართველო საფრანგეთისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შესყიდვებს აგრძელებს

საქართველომ საფრანგეთთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შესყიდვის თაობაზე კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ფრანგ კოლეგა ფლორანს პარლისთან ერთად ხელი მოაწერა საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის შესახებ კიდევ ერთ ხელშეკრულებას, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფრანგული საზენიტო-სარაკეტო სისტემები უკვე საქართველოშია >>

ეს საფრანგეთისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შესყიდვის მეორე ეტაპია. 2017 წლის დეკემბერსა და მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში შემოვიდა ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რადიოლოკაციური სადგურები და მართვის მობილური ცენტრები.

რამდენს დახარჯავს საქართველო სამხედრო ავიაციის განვითარებაზე

„ეს მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას საჰაერო თავდაცვის კომპონენტში, რაც არის მნიშვნელოვანი გარანტია ჩვენი საჰაერო სივრცის დაცულობისა და ამით საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცულობისა“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

გარდა ამისა, პარიზში ვიზიტის ფარგლებში იზორიამ და პარლიმ ხელი მოაწერეს ტექნიკურ შეთანხმებას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი სამშვიდობოების ლოგისტიკური უზრუნველყოფის შესახებ.

ЕС EUTM RCA-ის ეგიდით საწვრთნელი მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2016 წლის ივლისში დაიწყო. ქართველი სამხედროების ასეული ამ ქვეყანაში 2017 წლიდან იმყოფება.