რა ხდება, როცა ისეთი პრაგმატული პროფესიის ადამიანი, როგორიცაა ეკონომისტი, ხელოვნების სფეროში გადადის? ამ შემთხვევაში არა მხოლოდ მისი საქმიანობის მიმართულება იცვლება, არამედ ხედვის რაკურსიც განსხვავებული ხდება...
სოფო მინაძეს საბანკო ეკონომიკური ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. წლების მერე სკოლის ასაკში გაჩენილი ინტერესი დიზაინის სფეროს მიმართ გაღვივდა და დღეს ის პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. მის მიერ დამზადებული სამკაულები, სამოსი, ჩანთები და სხვადასხვა აქსესუარები მოწონებით სარგებლობს. სამი გამოფენა უკვე ჰქონდა, მეოთხე კი, საახალწლო გამოფენა 15-16 დეკემბერსაა დაგეგმილი.
— ქალბატონო სოფო, როდის დაინტერესდით ეკონომისტი დიზაინით?
— დიზაინერობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ყველას ყავისფერი ქსოვილისგან შეკერილი, ერთნაირი, თეთრსაყელოიანი სკოლის ფორმა ეცვა, მე და ჩემი და ჩემი მოდელით შექმნილი კაბებით დავდიოდით. ჩვენი „სტილისტი“ იყო ბავშვობის მეგობარი, რომელიც დღესაც მეხმარება, ჩემს იდეებს ის ახორციელებდა.
ორი წლის წინ სამსახური დავკარგე. დეპრესიული ადამიანი ნამდვილად არ ვარ, ამიტომ დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა მეცხოვრა. ერთ დღესაც დავჯექი და დავიწყე საქმე, რომელშიც ყველაფერი ის ჩავდე, რაც მსიამოვნებდა, ბედნიერებას მანიჭებდა და ხალისს მმატებდა.
— ანუ, თქვენ ამზადებთ სამკაულებს, სამოსს, ტანისამოსის აქსესუარებს, ჩანთებს, შარფებს და ამ ბოლო დროს ბავშვის ხაზიც დაამატეთ.
— ორი წელია, რაც ეს საქმიანობა დავიწყე და უკვე სამი გამოფენა მქონდა. მოკლედ, თებერვალში დავიწყე და მარტში უკვე „იარდ გალერიში“ გამოვფინე ნახელავები.
საერთოდ, ბუნებრივი ქსოვილისგან ვქმნი ყელსაბამებსაც, შარფებსაც, ჩანთებსაც და ყველანაირ აქსესუარს. მუშაობის დროის ვიყენებ ნატურალურ ტყავს, ბეწვს და ბუნებრივ ქვებს. თექასაც ვამუშავებ, მაგრამ ძირითადად მაინც სამკაულებზე ვარ ორიენტირებული. ერთფეროვნება არ მიყვარს.
როდესაც რაიმეს შექმნას გადავწყვეტ ხოლმე, სულ ამაზე ვფიქრობ — გონებაში ფერებს და ფორმებს ვახამებ. ლითონზე ჯერ არ ვმუშაობ, თუმცა ამის დიდი სურვილი მაქვს. თუ ოდესმე ლითონზე ვიმუშავებ, ეს აუცილებლად იქნება ვერცხლი ან ოქრო, ოღონდ განსხვავებული მოდელები. გაგიკვირდებათ და მინანქარს არ ვცემ პატივს...
— ძირითადად ქართულზე ხართ ორიენტირებული...
— ძალიან მომწონს ქართველი დიზაინერების ნამუშევრები და ყველას პატივს ვცემ. იმდენად დახვეწილია მათ მიერ შექმნილი პროდუქცია, რომ სურვილიც არ მაქვს, რაიმე ნივთი უცხოელი დიზაინერებისგან შევიძინო. მეც მინდა, რომ ჩემ საქმიანობაში ქართული ხაზი გავატარო და მათში ქართული ხასიათი იკითხებოდეს. მუშაობის დროს ხშირად ვიყენებ ქართულ მაქმანებს — ძალიან ლამაზია.
ვარ პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი. თავის დროზე შემარჩიეს და იქიდან გარკვეული შემოთავაზებები მქონდა. ერთ-ერთი ითვალისწინებდა ვიზიტს საფრანგეთში, სადაც დიზაინერების შეკრება ტარდებოდა და ჩვენი ნაწარმი უნდა წაგვეღო. მგზავრობას თავად პროექტი აფინანსებდა. გასაუბრება გავიარე, მაგრამ წასვლა ვერ მოვახერხე.
— არ გიფიქრიათ, რომ თქვენი ცოდნა ამ სფეროში გაგეღრმავებინათ?
— არათუ მიფიქრია, ახალი წლის მერე ვაპირებ კიდეც ჩაბარებას შესაბამის ინსტიტუტში, სადაც გასაუბრება უნდა გავიარო და ჩემი ნამუშევრებიც წარვადგინო.
როგორც გითხარით, სამოსსაც ვქმნი. ძალიან მიყვარს მოდის სამყარო და მის სიახლეებს ვადევნებ ხოლმე თვალს, მაგრამ სამოსის შექმნისას მაინც ვცდილობ, რომ ინდივიდუალური ხელწერა შევინარჩუნო. როცა „იარდ გალერიში“ მქონდა გამოფენა, მაშინ ჩემი აქსესუარებით ბევრი უცხოელი დაინტერესდა და ჩემი ჩანთები და სამოსი შეიძინეს კიდეც.
— არ გიფიქრიათ, რომ თქვენი საქმე საოჯახო ბიზნესად გექციათ?
— სხვათა შორის, ჩემი დედამთილი მხატვარია, მოქანდაკეა და ის მეხმარება ხოლმე. ბევრი რამ აქვს შექმნილი და ხშირად მაძლევს ხოლმე პროფესიულ რჩევა-დარიგებებს.
ჯერჯერობით სახლში ვმუშაობ. ჩემი ოცნებაა, რომ საკუთარი ატელიე მქონდეს და ასისტენტები მყავდეს, რადგან ამ ეტაპზე ყველაფრის მარტო კეთება მიწევს. მყავს 11 წლის გოგო, რომელსაც ჩემი საქმე ძალიან აინტერესებს და როცა ვმუშაობ, მაკვირდება ხოლმე. ამ ასაკში უკვე უყვარს განსხვავებული სამოსის ჩაცმა. ჩემ 21 წლის ბიჭს სამაჯურებს ვუკეთებ ხოლმე. შვილებიც და მეუღლეც ამ საქმეში თავისებურად ჩართულები არიან, ანუ ოჯახი გვერდში მიდგას და სამომავლოდ ვნახოთ რა იქნება...
— 15 დეკემბერს თქვენი საახალწლო გამოფენაა დაგეგმილი.
— ახლა საახალწლო კოლექცია – საკარნავალო მოდელები მაქვს მზად, საახალწლო სუფრებს ვაკეთებ, რომელიც თემატური დეტალებით მაქვს გაფორმებული. მინდა, ადამიანი რომ შეიძენს ამ აქსესუარებს, საახალწლო განწყობა გაუორმაგდეს.
საერთოდ, როცა ვმუშაობ, სულ სხვა ადამიანი ვარ — მხიარული და ბედნიერი. ღამით უცებ გამეღვიძება ხოლმე და ვიწყებ ფიქრს, წარმოსახვაში ვიწყებ რაიმეს შექმნას. მერე ვდგები და მაშინვე ვინიშნავ, რომ ეს იდეა არ დამავიწყდეს. ამ ნივთებში ჩემ ენერგეტიკას და აზრებს ვდებ, ამიტომ ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ყველა ჩემი ნივთი მესაუბრება.
ბედნიერებაა, როცა საქმე, რასაც აკეთებ, სიამოვნებას განიჭებს...