რუსთავის მეტალურგიული ქარხანა იკეტება?! როგორი იქნება მთავრობის პოზიცია

საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2015 წელს დაასრულა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა, თუმცა კანონი ჯერ არ ამოქმედებულა.
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ბაზარზე დემპინგური ფასების გამო რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ შეიძლება მუშაობა შეაჩეროს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საწარმოს ადვოკატ დავით ებრალიძის განცხადებით, ქარხანაში პირველი ღუმელი სამშაბათს გაჩერდა.

საქართველოდან ევროპაში უნაკერო მილები ექსპორტზე გადის>>>

„ქარხნის გაჩერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ირანიდან დემპინგურ ფასებში შემოსული არმატურა და მთლიანობაში დემპინგის პრობლემაა", – აღნიშნა ებრალიძემ.

მისი სიტყვებით, პარასკევს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც ირანიდან არმატურის დემპინგური ფასებით შემოტანის საკითხს განიხილავენ.

„თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა და ასევე ანტიდემპინგური კანონის მიღების საკითხი არ გადაწყდა, საწარმოს გაჩერება გარდაუვალი იქნება", – ამბობს ადვოკატი.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ანტიდემპინგური კანონპროექტის მიღების საკითხის აქტიურად განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანია „რუსთავის ფოლადმა", რომელიც რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას მართავს, ბაზრის დაცვის მექანიზმების არსებობის აუცილებლობის შესახებ საკითხი დასვა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჯერ კიდევ 2015 წელს დაასრულა მუშაობა კანონპროექტზე „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ", თუმცა კანონი ჯერ კიდევ არ არის ინიცირებული პარლამენტში.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ისტორია 1948 წლიდან იწყება. ქარხანა სხვადასხვა სახის პროდუქციას უშვებს, მათ შორის არმატურასა და უნაკერო მილებს. ქარხანაში 2 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.