პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: სასამართლომ პრეზიდენტის სიძე პატიმრობაში დატოვა

მინდია გოგოჭურს გამოძიება  დანაშაულის შეუტყობინებლობასა და ჯგუფურად იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს  სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

შსს: პრეზიდენტის სიძე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული

მინდია გოგოჭურის ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვდნენ, პროკურატურის ვერსიით კი არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულიად დააკმაყოფილა.

მინდია გოგოჭურს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გოგოჭური ბრალს არ აღიარებს.

საქმის განხილვა წინა სასამართლო სხდომით 25 იანვარს გაგრძელდება.

მინდია გოგოჭური სამართალდამცველებმა 5 დეკემბერს დააკავეს თბილისში გიორგი რაზმაძესთან ერთად, რომელიც პირის დაჭრასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაშია ბრალდებული.  

მინდია გოგოჭური პრეზიდენტ მარგველაშვილის მეუღლის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.