ექვს თვეში სამუშაო ადგილებზე 35 ადამიანი გარდაიცვალა — ომბუდსმენის განცხადება

სახალხო დამცველის აზრით, აუცილებელია, შრომის ინსპექტორებს ჰქონდეთ უფლება, წინასწარ გაუფრთხილებლად, დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შევიდნენ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე მოსაკვლევად.
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი - Sputnik. ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ნათქვამია სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ. 

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ ნახევარში შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 77 და გარდაიცვალა 35 ადამიანი.

„2018 წლის მარტში მიღებულ იქნა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც... ქმნის შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული ვალდებულებების აღსრულების მექანიზმს. თუმცა, მისი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ამასთან, ზედამხედველ ორგანოს არ აქვს დამსაქმებელთან უპირობოდ დაშვების მანდატი“, — ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, აუცილებელია სანქცირების მექანიზმით აღჭურვილ შრომის ინსპექტორებს ჰქონდეთ უფლება, თავისუფლად და წინასწარ გაუფრთხილებლად, დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შევიდნენ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე მოსაკვლევად.

ომბუდსმენი დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებას.

პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო 31 ოქტომბერს, მეორე მოსმენით მისი განხილვა კი ჯერ არ დაწყებულა.