ქურთუკების ჩინური ფაბრიკა საქართველოში 2019 წელს აშენდება

ფაბრიკაში პირველ ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება.
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ჩინელი მეწარმეების ქურთუკების ფაბრიკას საქართველოში 2019 წელს ააშენებენ, ნათქვამია „საქართველოს საპარტნიორო ფონდის" ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გადაწყვეტილება ამის თაობაზე ცბობილი გახდა ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ფორუმის ფარგლების მსვლელობისას. ფორუმში მონაწილეობდა საქართველოს დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით. დელეგაციაში ასევე შედიოდნენ პარლამენტის დეპუტატი გივი ჭიჭინაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სოზარ სუბარი.

კასპში ესპანური ტექნოლოგიით აგურს გამოუშვებენ

მოლაპარაკებები ფაბრიკის მშენებლობაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის 2016 წლიდან წარმოებდა. მაშინ „საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელმა შესაბამის შეთანხმებას ხელი ძიანგსის პროვინციაში მოაწერა.

მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ ქურთუკების ფაბრიკა ქალაქ ტყიბულში აშენდება.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარია. გამოშვებული პროდუქცია, ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტისთვის იქნება გათვლილი. ფაბრიკაში პირველ ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება.

საქართველოს საგარეო ბრუნვამ ჩინეთთან იანვარ-ოქტომბერში 903,4 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 8,8%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა.