იუსტიციის სახლი თბილისში ტაქსის მძღოლებს აღარ დაარეგისტრირებს

ტაქსის მძღოლებმა მუშაობის ნებართვისთვის მუნიციპალური მომსახურების ცენტრებს უნდა მიმართონ.
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ტაქსის მძღოლად მუშაობის ნებართვის აღება ამიერიდან მხოლოდ მუნიციპალური მომსახურების ცენტრებში იქნება შესაძლებელი. ასეთი თბილისში 11 ცენტრია, ნათქვამია დედაქალაქის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

რეგისტრაციის გავლა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებ-გვერდზე taxi.tbilisi.gov.ge.

უფასო შეღებვა, ქიმწმენდა, პარკირება, მანათობელი - შეღავათები ლიცენზირებული ტაქსისტებისთვის

უფრო ადრე, ტაქსის მძღოლის ლიცენზიის აღების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, პროცესში იუსტიციის სახლი ჩაერთო.

ტაქსის სავალდებულო რეგისტრაცია თბილისში 2018 წლის 1 აგვისტოს დაიწყო.

ერთწლიანი ლიცენზიის საფასური ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარია, ჰიბრიდული ავტომობილების მფლობელები სრული გადასახადის 50%-ს იხდიან, ხოლო ელექტრომობილების მფლობელებისთვის ლიცენზია უფასოა.

ავტომობილებზე, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს, რეკლამისთვის ადგილებია გამოყოფილი. ამას გარდა, მძღოლებისთვის გამოიყო ვაუჩერები სალონის ქიმწმენდისა და მანქანის თეთრად შეღებვისთვის.

ამ დროისთვის რეგისტრირებულია დაახლოებით 23 ათასი ტაქსი.