თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში ამხანაგური მატჩი უნგრეთის ნაკრებთან ანგარიშით 2:2 დაასრულა. თამაში თბილისში გაიმართა.
მატჩში ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. სტუმრები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ ავთანდილ ასათიანის გუნდის წევრებმა ორივეჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.
ნაკრებებს შორის პირველ ამხანაგურ მატჩში, რომელიც თბილისში რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ქართველებმა 3:2 გაიმარჯვეს.
ამ ორი თამაშით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაასრულა მოსამზადებელი პროცესი 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების ციკლისთვის. მომზადების ფარგლებში ქართულმა გუნდმა ექვსი ამხანაგური შეხვედრა გამართა, ხუთჯერ გაიმარჯვა და ერთი მატჩი ფრედ დაამთავრა.
2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია ოთხი ეტაპისგან შედგება: წინასწარი, ძირითადი, ელიტ-რაუნდისა და საბოლოო მატჩებისგან.
„მუნდიალის" წინასწარი შესარჩევი რაუნდი 2019 წლის 29 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით გაიმართება, ხოლო ძირითადი მატჩები - 2019 წლის 22-27 ოქტომბერს.
მოსამზადებელი და ძირითადი რაუნდების კენჭისყრა 12 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება.