ჩინეთში ქართული ჩაი, ზეითუნის ზეთი და ვისკი გაიყიდება

საქართველოში დარწმუნებული არიან, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდას და დააბალანსებს სავაჭრო დეფიციტს.
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ჩინეთში გაიყიდება ქართული წარმოების ჩაი, ზეითუნის ზეთი და ვისკი, ნათქვამია საქართველოს „საპარტნიორო ფონდის" განცხადებაში.

ჩინეთში ეკონომიკურ ფორუმზე ნოემბერში განაცხადეს, რომ საქართველო იმ ქვეყნების რიცხვში მოხვდა, რომლებთანაც ჩინეთი იმპორტის მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს.

ოფიციალური ხელშეკრულებები პროდუქციის ჩინეთში მიწოდების თაობაზე ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში გაფორმდა. ქართული მხრიდან ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს კომპანია Georgian Olive-ის დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ, კომპანია Askaneli Brothers-ის დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძემ, კომპანია "ნიკორას" დამფუძნებელმა პარტნიორმა დავით დუმბაძემ, ჩინური მხრიდან კი – ძიანგსის პროვინციის „აბრეშუმის გზის“ საინვესტიციო კომპანიის“ წარმომადგენლებმა.

„ქართულ ნატურალურ პროდუქტებს ჩინეთის მილიარდნახევრიანი ბაზრის კარი ეხსნება. საქართველოში წარმოებული პროდუქტების მიმართ ჩინელი მომხმარებლის მხრიდან ინტერესი მზარდია, შესაბამისად, საქართველოს საექსპორტო პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული", – განაცხადა „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, რომელიც ფორუმში მონაწილეობს.

„საპარტნიორო ფონდის" ინიციატივით, ფორუმის ფარგლებში 15-მდე ქართულმა კომპანიამ თავისი პროდუქციის გამოფენა მოაწყო. ნატურალური პროდუქტები ქართულ პავილიონში წარმოადგინეს.

მხოლოდ ღვინო არა: ტურისტებს ჩაითაც მოხიბლავენ

„ჩვენ „საპარტნიორო ფონდთან" ერთობლივ პროექტებზე ვმუშაობთ. ფონდი ჩინეთში ქართულ ნატურალურ პროდუქტებსაც უწევს პოპულარიზაციას. ერთად ვზრუნავთ, რომ ჩინურ ბაზარზე გამოჩნდეს არა მარტო ქართული ღვინო, არამედ ის ქართული პროდუქტები, რომელთა მიმართაც ჩინეთში დიდი ინტერესია", – განაცხადა „ქართული კულტურისა და ღვინის სავანის" დამფუძნებელმა და „აბრეშუმის გზის" საინვესტიციო კომპანიის" გენერალურმა დირექტორმა ლიუ ძი მინმა.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ჩინეთთან და ევროკავშირთან. ეს ქართულ კომპანიებს, ასევე საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ ბიზნესმენებს შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა ბაზარზე მიუწვდებოდეთ ხელი.

საქართველოს საგარეო ბრუნვამ ჩინეთთან იანვარ-ოქტომბერში 903,4 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 8,8%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა.